მესამე საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი თეა კეჩხუაშვილი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, აპირებს რომ ბრძანების გაუქმების მიზნით სამეურვეო საბჭოს მიმართოს.
ის ფიქრობს რომ სამეურვეო საბჭომ უნდა შეისწავლოს დისციპლინარული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ბრძანება უნდა შეცვალოს.
“ახლა ვაპირებ მივმართო სამეურვეო საბჭოს, რადგან მას აქვს უფლებამოსილება რომ ეს ბრძანება გააუქმოს. თუ სამეურვეო საბჭო ვერ დაინახავს გადაცდომებს, არ შეისწავლის და არ მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას, რაღა თქმა უნდა ბოლო ინსტანცია იქნება სასამართლო”, – ამბობს თეა.
დაახლოებით ერთი თვის წინ სკოლის პედაგოგებს, თეა კეჩხუაშვილსა და დავით ახალბედაშვილს შორის მოხდა ინციდენტი, რის გამოც კეჩხუაშვილი, დისციპლინარული საბჭოს გადაწყვეტილებით სამსახურიდან გაათავისუფლეს. კეჩხუაშვილს მისი კოლეგის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
აღსანიშნავია რომ დაპირისპირების კადრები მედიასაშუალებებშიც გავრცელდა. თეა ამბობს რომ დირექციამ და კომისიამ მის მიმართ არაობიეტური გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნული ვიდეოჩანაწერის შინაარსი არ გაითვალისწინა.
“მე დარწმუნებული ვარ რომ სკოლის დირექტორი ამ ყველაფერს გადააბრალებს დისციპლინარულ კომისიას და ამ ამბიდან მშრალი გამოვა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ის ვალდებული იყო გადაეხედა, ენახა ვიდეო ჩანაწერები, სადაც ჩემი ბრალეულობა არ იკვეთება და მას მერე მიეღო გადაწყვეტილება, მაგრამ მან დაიჭირა ახალბედაშვილის მხარე, ასევე ვერ მაპატია, რომ მე საჯარო პოსტი დავწერე ამ ინციდენტს შესახებ და მოიქცა ისე, როგორც უკვე ვიცით, გამომიშვა სამსახურიდა”, – ამბობს კეჩხუაშვილი.