“35 წელი ისე გავიდა, ფუნჯი არ ამიღია და არაფერი დამიხატავს”, – გვიყვება სურამში მცხოვრები, 73 წლის მხატვარი და ხატმწერი რევაზ კოშკაძე.
კოშკაძემ ხატვა 3 წლის ასაკიდან დაიწყო. ამბობს, რომ მისი ცხოვრების დიდი ნაწილი თავისთავად ხელოვნებაა.
“ხატვა 3 წლის ასაკში დავიწყე. წლების განმავლობაში, ვქმნიდი ნამუშევრებს. როდესაც ჯარში წავედი, ხატვას დროებით თავი მივანებე. იქიდან რომ დავბრუნდი, ქორეოგრაფიამ გამიტაცა, ვცეკვავდი… შევქმენი საკუთარი ანსამბლი და გავხსენი ცეკვის სტუდიები ხაშურში, დაბა აგარაში და ქარელში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ხელოვნებას თავი საერთოდ მივანებე და კერძო ბიზნესში წავედი”, – გვიყვება კოშკაძე.
კოშკაძე ჰიპერრეალისტურ ნახატებს ქმნის. ნამუშევრები გამორჩეულად მაღალი გრაფიკული ხარისხის გამო, რეალური სურათის ილუზიას ქმნიან.
“მე რეალისტი ადამიანი ვარ. არ მინდა დამთვარიელებლებს კითხვის ნიშნები დაებადოთ და ვერ მიხვდდნენ რისი თქმა მინდა. ჩემ ნამუშევრებს, ბავშვიდან დაწყებული, მოხუცით დამთავრებული, აღიქვამს ყველა. ეს არ არის ფოტო ხელოვნება, ესაა ზერეალიზმი. ზოგს ეჭვიც კი ეპარება ნამუშევარი ფოტოა, თუ ნახატი. ვმუშაობ თხელი ფენებით ხშირად მშრალ საღებავს ვიყენებ, ვცდილობ, შედეგი რეალური იყოს”, – ამბობს ის.
კოშკაძემ ილია მეორის ლოცვა კურთხევით ხატების დაწერა დაიწყო. მისი ნამუშევრები ახლა საქართელოს სხვადასხვა ტაძრებშია..
“ჩემი დაწერილი ხატები ინახება საპატრიარქოში, ხაშურში და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტაძრებში. ჩემი ნამუშევრებით დაინტერესებულები არიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, კვიპროსში, გერმანიაში, საბერძნეთში, თურქეთში”, – აღნიშნავს კოშკაძე
რევაზ კოშკაძე მონაწილეობს სახვადასხვა ტურნეებში. 2021 წელს ის იყო დუბაიში. ამჯერად ახალი მოგზაურობებისთვის ემზადება. ის მალე საკუთარ ნამუშევრებს ინდოეთში, ტოკიოში, ყატარში და საფრანგეთში გამოფენს.