სტატიები

“გაფენილი სარეცხიც კი რამდენიმე საათში ბინძურდება” – ეკოლოგიური ვითარება კასპში

კასპის მუნიციპალიტეტში საკმაოდ მარტივი შესამჩნევი და საგრძნობია დაბინძურებული ჰაერი, – ამბობს ენმ-ის წევრი მირანდა თვარაძე. 

მირანდა კასპში ცხოვრობს. ის გვიყვება, რომ მათ გარშემო ეკოლოგიური ვითარება იმდენად მძიმეა, რომ თოკზე გაფენილი სარეცხიც კი რამდენიმე საათში ბინძურდება. 

“ვინც ქალაქიდან ოდნავ მოშორებით, შემაღლებულზე ცხოვრობს, ყოველ დილით ქალაქის თავზე დაგროვილ, მუქი ფერის ნალექს ხედავს. ამ ყველაფერს კასპის ცემენტის ქარხანა იწვევს. თოკებზე გაფენილი სარეცხიც კი სულ მალე ტალახიანი და ბინძური ხდება ხოლმე. ეკოლოგიური ვითარება იმდენად მძიმეა, რომ რამდენიმე საათში ტანსაცმელი ბინძურდება. ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, ჩვენი ფილტვები რამხელა რისკის ქვეშ დგას.”

NDI-ის საზოგადოებრივმა კვლევამ, ჯერ კიდევ 2019 წელს აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა საქათველოში უმთავრეს ეკოლოგიურ პრობლემად ჰაერის დაბინძურებას მიიჩნევს. ამ გამოწვევაზე საუბარი არ წყდება კასპშიც.

ადგილობრივებს არაერთი საპროტესტო აქცია ახსოვთ, სადაც ცემენტის ქარხნებს ჯერ ფილტრების დაყენებას, მოგვიანებით კი მათ უწყევეტ რეჟიმში ამუშავებას სთხოვდნენ. 

“მახსოვს, 2012 წელ გავედი პირველად ქარხნების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე. მაშინ ოპოზიციაში იყო “ქართული ოცნება” და მჯეროდა, რომ მათი ორგანიზებით გამართული აქცია გულწრფელი იყო. გაიმარჯვეს, გავიდა წლები და ჩვენი პრობლემა ისევ პრობლემად დარჩა”, – გვიყვება ერთ-ერთი ადგილობრივი, ირაკლი მილაძე. 

მილაძე ამბობს, რომ მოსახლეობის აქტიური მოთხოვნის შემდეგ 2021 წელს დამონტაჟდა ფილტრები, რომლებსაც შხამ-ქიმიკატების ნარჩენებისა და ჰაერის აქტიური სინთეზი უნდა შეეჩერებინათ. 

“ფილტრების მუშაობის მუდმივი მონიტორინგი არ ხდება. ფაქტია, რომ საკვამურიდან მტვერი ამოდის. ჰაერში ერევა და ამ საწამლავს ვსუნთქავთ ადგილობრივები”, – ამბობს მილაძე.

ფილტრების გარდა, ადგილობრივებს შენიშვნები იმ სატვირთო მანქანების მუშაობის მიმართაც აქვთ, რომლებსაც ქარხნის ტერიტორიიდან ცემენტი გამოაქვთ. 

“დაბინძურებულ ჰაერს ემატება ის ტვირთმზიდი მანქანები, რომლებსაც ცემენტი და ხრეში ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვთ და მათი გამონაბოლქვი კიდევ უფრო ამძიმებს ეკოლოგიურ ვითარებას”, – გვეუბნება თვარაძე. 

“მოზაიკასთან” საუბარში, ადგილობრივები საკუთარ მოთხოვნას ორ პუნქტად ყოფენ: 

  1. ქარხნის ტერიტორიიდან ყველა მანქანა გარეცხილი გამოვიდეს, რაც დამტვერიანებას შეამცირებს;
  2. დაიწყოს 24-საათიანი მონიტორინგი და მკაცრად გაკონტროლდეს ფილტრების მუშაობის პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერში გამონაბოლქვის შესამცირებლად. 

ისინი საუბარში WHO-ს მონაცემებსაც ახსენებენ, რომლის მიხედვით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკაში საქართველო 70-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში 100 000 კაცზე 101 ადამიანის სიკვდილს ბინძური ჰაერი იწვევს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები