შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” აქვს. ამგვარი შემადგენლობით საკრებულოები თითქმის ერთი წელია მუშაობენ. როგორია საკრებულოს საქმიანობა, როცა უმრავლესობას ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა, მმართველი პარტია ფლობს – ამ საკითხზე “მოზაიკა” ოპოზიციონერ დეპუტატებს ესაუბრა.
“ისინი საკრებულოს სხდომაზე აყენებენ მათთვის საჭირო საკითხებს და რადგან უმრავლესობას წარმოადგენენ, ამ საკითხების დადებითად გადაჭრაც არ უჭირს. აი ამის საპირისპირო სურათია ოპოზიციის შემთხვევაში”, – გვითხრა მირანდა თვარაძე.
მირანდა კასპის საკრებულოს წევრია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. 2021 წლის არჩევნების შემდეგ, კასპის საკრებულოს 30 მანდატიდან „ქართულ ოცნებას“ 19 ერგო წილად, დანარჩენი 11 მანდატი კი 3 სხვადასხვა პარტიაზე განაწილდა.
“ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველთვის ვცდილობთ, რომ ისეთი საკითხები წამოვჭრათ, რომლებიც რეალურად აწუხებს ხალხს, მაგრამ როცა უმრავლესობა ერთ პარტიას აქვს და ოპოზიცია უმცირესობაშია, საკითხების ბოლომდე გატანა ძალიან რთულია”.
კასპის მსგავსად, მთავარი ოპოზიციური ძალა ხაშურის საკრებულოშიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა და ოპოზიციონერი დეპუტატები, ხაშურის შემთხვევაშიც, იგივე პრობლემებზე საუბრობენ.
“ოცნებას“ საკრებულოში მნიშვნელოვანი უმრავლესობა უჭირავს. ოპოზიცია აქტიურად ცდილობს სხვადასხვა საკითხების წამოჭრას, თუმცა უშედეგოდ, რადგან საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ გავაპროტესტოთ ისეთი საკითხები, რომლებიც უშუალოდ მმართელი პარტიის ინტერესებში შედის და არ წარმოადგენს მოსახლეობის პრობლემას, მაგრამ ეფექტური მუშაობა უმცირესობაში ყოფნის დროს ძალიან რთულია”, – გვითხრა ეკა პაპუაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატები “მოზაიკასთან” საუბარში იმ კონკრეტულ ინიციატებსაც იხსენებენ, რომლებიც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავეს, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიტანეს.
“მქონდა ინიციატივა, რომ ქარელში დაარსებულიყო გიორგი არადელის სახელობის თეატრი, რომელიც გავიტანე საკრებულოს სხდომაზე და თავიდან თითქოს ყველამ მოიწონა, მაგრამ შემდგომ ეტაპზე საქმე აღარ განვითარებულა და ხელოვნურად, მიზანმიმართულად იბლოკებოდა ჩემი იდეა სხვადასხვა”, – გაიხსენა ვასიკო ბაქრაძემ, პარტიის “საქართველოსვის” წევრმა.
ოპოზიციონერი დეპუტატები იმასაც ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ზოგჯერ მათ მიერ წარსულში წამოჭრილ ინიციატებს საკუთარ იდეებად წარმოაჩენს.
“ძალიან ხშირია ფაქტები, როცა ჩვენი, ოპოზიციის მიერ წამოჭრილი იდეები ხელისუფლებამ მიითვისა და საკუთარ იდეად წარმოაჩინა. ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მიერ დაკავებული უმრავლესობით არის გამოწვეული”, – ამბობს ენმ-ის წევრი გორის საკრებულოში, ანო ბალიაშვილი.
გორის საკრებულოში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 9 ადამიანისგან შექმნილი ფრაქცია აქვს, თუმცა ინიცირებული საკითხების დადებითად გადაწყვეტა ზუსტად ისე უჭირთ, როგორც სხვა საკრებულოების ოპოზიციას.
“საკრებულოს უმრავლესობაში ერთი პარტიის ყოფნა, პირველ რიგში, იმ ამომრჩეველთა ინტერესების უგულებელყოფას იწვევს, ვინც ხმა ოპოზიციას მისცა. ჩვენ ყოველთვის ვაჟღერებთ მოსახლეობის საჭიროებებს, შეგვაქვს ინიციატივები, მაგრამ უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“ ჩვენს წინადადებებს ბლოკავს”.