ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ ბორდერიზაცია, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები, – ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი და უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
“საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.