სტატიები

რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული 3 თანამშრომელი გორის მერიას უჩივის

რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი გორის მერიას უჩივის. ისინი ამბობენ, რომ რეორგანიზაცია კანონდარღვევით და მობილობის პრინციის დარღვევით ნიშნის მიხედვით ჩატარდა

რეორგანიზაციის შედეგად, გორის მერიიდან განთავისუფლდა 13 თანამშრომელი. ერთ-ერთი მათგანია ნაილი მელანაშვილი, რომელიც სასამართლო დავის დაწყებას აპირებს.

“გორის მერიაში ვმუშაობდი საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის შესრულების განყოფილების მთავარ სპეციალისტად და აღნიშულ პოზიციას ვიკავებდი 9 წლის განმავლობაში. ვთვლი, რომ ჩემი განთავისუფლება გარკვეული წესების დარღვევით მოხდა. გავიარე კონსულტაციები იურისტებთან და ვაპირებ, მივმართო სასამართლოს და ვიბრძოლო ჩემი ღირსებისა და ღირებულებებისთვის”, – ამბობს მელანაშვილი. 

საკითხს სწავლობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

“მობილობის პროცესთან დაკავშირებით შეინიშნება მთელი რიგი დარღვევები, გარდა ამისა თანამშრომელთა განთავისუფლება მოხდა გარკვეული ნიშნებით. გორის მერიას განთავისუფლებული თანამშრომლებისთვის არ შეუთავაზებია სამსახურეობრივი ალტერნატივა, არც ტოლფასი და არც უფრო დაბალი რანგის თანამდებობა, რაც მოგეხსენებათ, რომ ეწინააღმდეგება კანონს”, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი. 

არსებული ინფორმაციით,  გათავისუფლებული 3 თანამშრომლის სასამართლო პროცესი ადგილობრივ სასამართლოში რამდენიმე დღეში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გორის მერიაში რეორგანიზაცია ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით და მისი ბრძანების საფუძველზე დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი