სტატიები

სოფლებში წყლის სისტემის მოსაწყობად ხაშურის მერიამ სამუშაოები გამარტივებული წესით შეისყიდა 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში სასმელი წყლის სათავე ნაგებობების მოსაწყობად სამუშაოები გამარტივებული წესით შეიძინა. 

მერიამ გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას შპს “პირამიდა + 777”, რომელსაც სოფელ დიდ სატივეში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობის, სოფელ იმერლიანთკარში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობის და სოფელ ღვრიაწყალში სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოებისთვის  37 447 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კომპანიას მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოებისა და სამოქალაქო მშენებლობებისთვის  ხაშურის მერიამ კიდევ ერთი ხელშეკრულება გაუფორმა გადაუდებელი აუცილებლობით, რომელშიც 22 306 ლარი გადაიხადა. 

მიმდინარე თვეში, ხაშურის მერიამ გამარტივებული წესით შეისყიდა ასევე სოფელ კოდისწყაროში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც ინდ.მეწარმე აკაკი ჯუხარიძეს 19 952 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. აღნიშნული სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. 

საერთო ჯამში, ხაშურის მერიამ აგვისტოში სამი მაღალბიუჯეტიანი ხელშეკრულება გააფორმა გამარტივებული წესით, რომელშიც 79 705 ლარი გადაიხადა.

ინფორმაციისთვის,  2017 წლამდე სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სამუშაოების შესყიდვა აუცილებლად ტენდერის გზით უნდა განხორციელებულიყო, თუმცა 2019 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ყველა შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის გზით ხდება. 

დატოვეთ კომენტარი