“ახალ სასწავლო წლისთვის ორი სკოლა სრულად იქნება რეაბილიტირებული”, – ამის შესახებ “მოზაიკას” ხაშურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი ესაუბრა.
ზვიად გოგუაძის თქმით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია სოფელ ქემფრის და ქინძაათის საჯარო სკოლებს ჩაუტარდათ. გარდა ამისა, ნაწილობრივი რეაბილიტაცია მიმდინარეობს, კერძოდ კი, საპირფარეშოები ეწყობა ხაშურის მეშვოდე საჯარო სკოლაში.
“გარდა ამისა, დაგეგმილია ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც დაიწყება არსებული შენობის დემონტაჟის დასრულებისთანავე. ასევე, შემოდგომით დაიწყება ხაშურის მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ხოლო გაზაფხულზე დაიწყება სურამის მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია”, – გვითხრა გოგუაძემ.
მისივე თქმით, ახალი სკოლა ექნება სოფელ ნაბაზტევსაც.
“გადაწყდა სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლოს შენობის დემონტაჟი და ახალი შენობის მშენებლობა. ამას სჭირდება ბიუროკრატიული საკითხების გავლა და გავდივართ უკვე. იქამდე კი, ეს სკოლა სასწავლო წელს მეორე ცვლაში, სოფელ ალის სკოლაში დაიწყებს”.