სტატიები

რომელი სპორტსმენი დაასვენა გორის მერიამ 3000 ლარად ზღვისპირეთში

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა ქობულეთში მდებარე სასტუმროს “შატო კვირიკე”, რომელსაც 3000 ლარი გადაუხადა. 

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების თანახმად, გორის მერის პირველმა მოადგილემ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მერიის 2022 წლის ბიუჯეტის სახსრებით, გორში მოღვაწე წარმატებული სპორტსმენის დასაჯილდოვებლად 10 დღიანი საგზურის, სასტუმროს მომსახურების შესყიდვას. 

ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სასტუმროში ერთი დღის გატარების საფასური 300 ლარია. 

ხელშეკრულების მიხედვით, სპორტსმენმა აღნიშნულ სასტუმროში 10 დღე დაისვენა. მერიაში ამბობენ, რომ გასულ წელს ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები დააჯილდოვეს, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული საგზურიც შედიოდა.

” გასულ წელს მოხდა ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენების დაჯილდოება, ამ სპორტსმენმა ამ საგზურის გამოყენება წელს გადაწყვიტა. ეს იყო საჩუქარი. მერიას აქვს წარმატებული სპორტსმენების წახალისების პროგრამა”, – გვითხრეს გორის მერიაში.

დოკუმენტაციაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვინაა აღნიშნული “წარმატებული სპორტსმენი”, რომლის 10 დღიანი დასვენება მუნიციპალიტეტს 3000 ლარი დაუჯდა. 

“მოზაიკამ” სორტსმენის ვინაობის გარკვევა გორის მუნიციპალიტეტის სპორტის ხელშეწობისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან სცადა. გიორგი პურიჭამიაშვილის თქმით, გასულ წელს ოლიმპიადაში მონაწილე 4 ძიუდოსტი დაჯილდოვდა.

” ზუსტად ვერ გეტყვით, რომელი იყო ამ საგზურით ახლა წასული დასასვენებლად, თუმცა გეტყვით, რომ შარშან 4 სპორტსმენი დაჯილდოვდა, შავდათუაშვილი, ღვინიაშვილი, მარგველაშვილი და მუჯარიძე. ვინც მონაწილეობდა ოლიმპიადაზე”, -გვითხრა გიორგი პურიჭამიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.