ახალი ამბები

ქალები ხაშურიდან,  რომლებსაც “აწარმოე საქართველო” ბიზნეს იდეას დაუფინანსებს

“აწარმოე საქართველოს” გრანტი ხაშურში ორმა მეწარმე ქალმა მიიღო. 

ხათუნა ჩიტაძე  9-ე საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელია.  ის ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრია. არის თვითნასწავლი მხატვარი, მინიჭებული აქვს მხატვართა კავშირის ოსტატის წოდება. ჰქონდა შერეული, ასევე პერსონალური გამოფენები. მონაწილეობს ფესტივალებში, საქველმოქმედო აქციებში. წერს ლექსებს, არის 7 წიგნის ავტორი.

ხაშურში, გამყოფხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანის ქალებს სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარა მასტერკლასები კერვის ხაზით. სწორედ,  მაშინ გაჩნდა პროექტის იდეა. პრიორიტეტად კი გამყოფ ხაზთთან მცხოვრები  და სოციალურად დაუცველი ქალების დასაქმება აირჩია. 

“საოკუპაციო ხაზთთან მცხოვრებ ქალებთან ურთიერთობამ მომცა მოტივაცია, მათთვის გადამეცა ჩემი ცოდნა, საფუძვლიანად შემესწავლებინა ჭრა-კერვა, ხელსაქმე, რათა მათ საკუთარი ხელით შექმნან პროდუქცია, გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და უფრო დამოუკიდებლად, თავდაჯერებულად იგრძნონ თავი”, – ამბობს ის. 

მეორე გამარჯვებული ქალი ქეთევნ გიგოლაშვილია სოფელ წრომიდან. მას სურს, რომ სამკერვალო -სახელოსნო დაარსოს. 

“სოფლად ცხოვრება ბევრ სირთულეს გვიქმნის ახალგაზრდებს. მინდა შევცვალო ის ერთფეროვანი გარემო, რომელშიც გვიწევს ცხოვრება და სოფელში დავაარსო სამკერვალო სახელოსნო. ბავშვობიდან ვკერავ, ვაკეთებ ხელნაკეთ ნივთებს, ვაფერადებ ორნამენტებით და ახალ სიხოცხლეს ვძენ ძველ ნივთებს. სამკერვალო სახელოსნოში ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების შერწყმით მინდა შევკერო ტანსაცმელი, აღვადგინო ძველი ორნამენტები და ნაქარგობების სახით გადავიტანო თანამედროვე სამოსზე, ხელჩანთებზე. ასევე მსურს შეიკეროს სასულიერო პირთა სამოსი (კაბები) და საეკლესიო შესამოსელი (სამღვდლო და სადიაკვნო შესამოსლები, სტიქრები), რომლის კერვაც შევისწავლე მონასტერში. აგრეთვე, ქართული ტრადიციული სამოსი: ყაბალახები, ჩოხები, კაბები, ჩიხტიკოპები, ჩანთები”, – ამბობს ქეთევანი.

ქეთევანი ასევე მუშაობს პოლიმერულ თიხაზე, ამზადებს ჭიქებს, დეკორატიულ ნივთებს, სამკაულებს, აქსესუარებს.

დატოვეთ კომენტარი