მაკა დავლაძე დაცვის პოლიციის თანამშრომელია და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობს.
“ბევრჯერ მქონია ისეთი სიტუაცია, რომ მივსულვარ სახლში, ბავში დამიძინებია და ისევ უკან გამოვბრუნებულვარ, რადგან სამსახურს სჭირდებოდა ასე. საბედნიეროდ მე თავიდანვე ზუსტად მქონდა გააზრებული, თუ სად და რისთვის ვმუშაობდი. ჩვენი საქმე უდიდეს პასუხსმგებლობას მოითხოვს და ამისთვის მზად ვარ.”
მაკას ორი შვილი ჰყავს და როგორ ამბობს, სამსახურის სპეციფიურობიდან გამომდინარე, სამსახურსა და ოჯახზე დროის და ყურადღების თანაბრად გადანაწილება იოლი არაა.
“ორი შვილი მყავს, ცამეტი და ორი წლის. მე და ჩემს უფროს შვილს ასეთი ტრადიცია გვაქვს – ყოველი თვის ბოლოს მივდივართ ბიბლუსში და ვყიდულობთ ერთ წიგნს, რომელსაც შემდეგ ჯერ ჩემი შვილი კითხულობს და შემდეგ მე. ყველანაირად ვცდილობ, რომ ოჯახს დიდი ყურადღება დავუთმო.”
ამჟამად მაკას კაპიტნის წოდება აქვს, თუმცა გვიყვება, რომ ამ წოდებამდე და ზოგადად დღევანდელ დღემდე, მან გრძელი და რთული გზა გამოიარა.
„წარმოშობით წყალტუბოდან ვარ, იქ დავიბადე და შემდეგ გადავიდა ჩემი ოჯახი აჭარაში საცხოვრებლად. ოჯახი გორში შევქმენი, თუმცა დაოჯახების შემდეგ ისევ აჭარაში აღმოვჩნდი, რადგან შვიდი წლის წინ აჭარაში წავედი გასაუბრებაზე, დაცვის პოლიციის თანამშრომლის აქტიურ ვაკანსიაზე და მიმიღეს. ამის გამო მომიწია გორის დატოვება და აჭარაში დაბრუნება.”
მაკამ განათლება ქუთაისის უნივერსიტეტში მიიღო. სწავლის პარალელურად, ის წყალტუბოს სასამართლოში მუშაობდა არქივის სპეციალისტად. მოგვაინებით კი, უკვე აჭარის ოპერისა და ბალეტის თეატრში რიგით დაცვის პოლიციის თანამშრომელი გახდა.
“წოდებები ეტაპობრივად მოდის. რამდენიმე წელიწადში მე უნდა გავხდე მაიორი, თუმცა უკან რომ ვიხედები, ვხედავ რომ საკმაოდ რთული გზის გავლა მომიწია. წარმატების მთავარ საიდუმლოს ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში ვხედავ. არის ხოლმე სიტუაციები, რომლებიც ძალიათ რთული გვგონია, მაგრამ სწორედ ამ სიტუაციებიდან თავის დაღწევა გვაძლიერებს და გვზრდის პიროვნულად და პროფესიულად.”
მაკა ამბობს, რომ საპენსიო ასაკამდე ქვეყნის სამსახურში ყოფნა აქვს გადაწყვეტილი.
“ახლა ორმოცდაერთი წლის ვარ და გადაწყვეტილი მაქვს, რომ საპენსიო ასაკამდე ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვიმუშაო დაცვის პოლიციაში. მე მაცვია ფორმა და ის ძალიან მეამაყება, რადგან ჩემი ისტორიის, ჩემი პირველი ნაბიჯების მომსწრეა. ცხოვრების საპასუხისმებლო და მნიშვნელოვანი წლები გავატარე ფორმასთან ერთად და მე ის ძალიან მიყვარს. როცა გიყვარს შენი საქმე, ეს აუცილებლად მოგიტანს წარმატებას. მე უზომოდ მეამაყება რომ დაცვის პოლიციელი ვარ”