კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში დაბინძურებული სასმელი წყალი მოდის, ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაავრცელა და შესაბამისი ფოტოც დაურთო.
“ასეთი წყალი მოვიდა დღეს, სად შეიძლება ამაზე საჩივრის დაწერა?”, – ამბობს ნათია ეფხოშვილი.
ადგილობრივების თქმით, სოფელში სასმელი წყლის პრობლემა წლებია არსებობს.
“48 წელი ამ სოფელში ვცხოვრობ და სულ წყლის პრობლემა გვაქვს ზამთარში თუ ზაფხულში. ამ სიცხეში არც დასალევი წყალი გვაქვს და სარწყავზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია”, – ამბობს ნანული მელაძე.
სოფელი ვაკე ქვემო ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის, მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის თქმით, სოფელში სასმელი წყლის მოსაწესრიგებლად პროექტი უკვე არსებობს და უახლოეს პერიოდში მოსახლეობას პრობლემა მოუგვარდება.
“მე საქმის კურსში ვარ, ვიცით რა მდგომარეობაცაა სოფელში, ახლა ვაკეთებთ პროექტს. ძალიან ცოტა მოედინება, არიან ადამიანები, რომლებიც თვითნებურად აცლიან გადაბმულ მილს და ავსებენ ასე, რადგან არ ყოფნით, ზაფხულია. ალბათ, ან მიწა შეიტანა ან რამე და ამიტომ წამოვიდა ასეთი წყალი. გვალვის გამო შემცირებულია წყლის რაოდენობა. ტენდერია გამოცხადებული და სავარაუდოდ, ერთ თვეში მოუწესრიგდებათ ყველაფერი”, – გვითხრა სტეფანე მესროფაშვილმა.
ინფორმაციისთვის, სოფელი ვაკე საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს, კასპიდან კი 14 კილომეტრითაა დაშორებული.