ადამიანები ისტორიები

11 აგვისტო – შინდისთან ბრძოლის ისტორია

მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შანიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე – ამ ადამიანებს შინდისის გმირებს უწოდებენ. 

2008 წლის 11 აგვისტოს, ზუსტად 14 წლის წინ, სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცი რუსეთის ჯართან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. 

ისტორია: 

II ბრიგადის საშტაბო ასეული სოფელ ყელქცეულადან გორისკენ მიემართებოდა. მათ არ ჰქონდას კავშირგაბმულობა და ასეულის ხელმძღვანელობამ არ იცოდა, რომ გორამდე არცერთი ქართული შენაერთი აღარ იმყოფებოდა.

სოფელ შინდისთან ასეულმა ტანკები შენიშნა, ერთ-ერთ ტანკს ქართული დროშა ქონდა დამაგრებული და აუღელვებლად გააგრძელეს გზა. უეცრად, რკინიგზასთან, გამაყრუებელი ხმა გაისმა, კოლონის პირველი და ბოლო მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია, შიგ მსხდომებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს.აღმოჩნდა, რომ ის ტანკები რუსული იყო, დროშა კი სატყუარა. რუსმა სამხედროებმა არაფრად ჩააგდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ქართულ ბატალიონს ცეცხლი გაუხსნეს. 

მტრის ალყალში მოყოლილმა ოცეულმა გადაწყვიტა მტერს არ დანებებოდა და ბრძოლა დაიწყო. მათი თავგანწირული ბრძოლა შედეგიანი გამოდგა, რუსული დაჯგუფების მეთაურმა დამატებითი ძალა ორჯერ მოითხოვა, შეტაკება ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

საბოლოოდ, უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მტერმა მათ წინააღმდეგ თითქმის ყველა სახის იარაღი და ტექნიკა გამოიყენა, ტანკებიდან დაწყებული, ნაღმმტყორცნებითა და სხვადასხვა ტყვიამფრქვევებით დამთავრებული.

17 ჯარისკაცი 2008 წლის აგვისტოს ომში თავდადებისა და სიმამაცის სიმბოლოდ იქცა.

შინდისელები იხსენებენ, რომ რუსები, გმირების დაღუპვის შემდეგ ცხედრებს მიუახლოვდნენ და საკონტროლო ჯერი გადაატარეს.

უმოწყალო ბრძოლას ოცეულის სამი ჯარისკაცი სასწაულებრივად გადაურჩა. ერთ-ერთი მათგანი 36 წლის ოთარ კალმახელიძე მოგვიანებით, გულის შეტევით გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.