ბლოგები

გიამბობთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ღირსეულ დისშვილზე – ნინო ვეზირიშვილზე

ავტორი: მურად მთვარელიძე

ნიკოლოზ ბარათაშვილის დას ბარბარეს სამი შვილი ჰყავდა, ორი ქალი და ერთი ვაჟი: ელისაბედი, ნინო და გიორგი. შეიძლება ვთქვათ, რომ ნინო თავისი კეთილშობილებით, სათნო ბუნებითა და სანდომიანობით ბავშვობიდანვე  ვეზირიშვილების ოჯახის  ნამდვილ მშვენებად იქცა, ხოლო როდესაც წამოიზარდა და ქალიშვილობაში შედგა ფეხი, ბედმა ის ასევე კეთილშობილ ადამიანსა და მოღვაწეს ვანო მაჩაბლის ძმას –  ვასილს შეახვედრა და კარგი ოჯახიც შექმნა.

ნინოს და ვასილს ხუთი შვილი შეეძინათ, რომლებსაც სამშობლოს სიყვარულითა და სამი დიდი გვარის მაჩაბლების, ბარათაშვილებისა და ვეზირიშვილების  ტრადიციებზე ზრდიდნენ, მაგრამ ბედმა არ აცალა ამ კეთილშობილ ადამიანს.

მისი ცხოვრების დასასრული ტრაგიკულთან ერთად ამაღლებულ განცდას აღძრავს და ამდენი ხნის შემდეგაც სულის საოცარ სიმაღლეს გვაზიარებს. მწერალი ვახტანგ ჭელიძე  წიგნში “ცხოვრება ივანე მაჩაბლისა” წერს: ,

“თამარაშენში რომ გაჩნდა ხოლერა პირველად, ვასო მაჩაბელი შინ არ იყო. საშინელმა პანიკამ მოიცვა მთელი სოფელი. ხალხი დატრიალდა, ზოგმა ურემი გააწყო, ზოგმა წინ გაირეკა ცოლ-შვილი და, ხურჯინგადაკიდებულნი მთებისკენ დაიძრნენ. ერთ საათსაც არ გაუვლია, რომ ახლა მეორე ოჯახში გაჩნდა ხოლერა. ავადმყოფები ღვთის ანაბარად მიაგდეს…

და აი, აქ გამოამჟღავნა თავისი დიდი სათნოება და სიკეთე ვასილ მაჩაბლის მეუღლემ, ნინომ. იგი არ დაიბნა, გაჩნდა თუ არა სოფელში ხოლერა, მაშინვე კაცი აფრინა ქმართან, ხოლო თვითონ არც კი დაფიქრებულა, ისე შევიდა ავადმყოფთან…

ორიოდე დღის განმავლობაში მთელს სოფელს მოედო სენი, მშველელი არსად არ ჩანს, არც ექიმია სადმე, არც წამალი. ხალხი რამდენიმე საათის განმავლობაში იხოცება. ნინო მაჩაბელს ვეღარ აკავებენ, გაიგონებს თუ არა კვნესას, მაშინვე ქოხში შევარდება, ავადმყოფს დაუყვავებს, წყალს დაალევინებს, უშლიან, მაგრამ არ იშლის. გაჭირვებულებს რომ ხედავს, გული აღარ უთმენს.

მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო და რისაც ასე ძალიან ეშინოდა ვასო მაჩაბელს… ნინოს ხოლერა შეეყარა და 12 საათში გაათავა”.

ვანო მაჩაბელი იმ ზაფხულს საჩხერეში თავისი ცოლის დის, ნიცა წერეთლის ოჯახში ისვენებდა და ეს ამბავი მოგვიანებით შეიტყო. ნინო უკვე დაკრძალული იყო. ვანო რძალს დიდად აფასებდა, მასში იგი კარგად ხედავდა დიდბუნებოვნებასა და კეთილშობილებას. მისთვის საკმაოდ შეჭირვებულ პერიოდში ვანომ  მძიმედ განიცადა ძმის ოჯახის ტრაგედია.

ვასილ მაჩაბლის უმძიმესი სულიერი მდგომარეობა კარგად იხატება ძმისადმი მიწერილ საპასუხო ბარათში:

‘ჩემო გულით საყვარელო ძმაო ვანო, თუმცა შენი ორი წერილის წაკითხვაში ბევრი ცრემლები მცვიოდა, მაგრამ მაინც ორივენი დიდი მანუგეშებელნი იყვნენ ჩემი გულისათვის… რასაც წამს ხოლერა გაჩენილიყო თამარაშენში, მაშინვე ვარიანში კაცი ეფრინა ჩემთან, მთხოვდა მყისვე მივშველებოდი სოფელს და სახლსა და კარს. მაშინვე მოვიჭერ, მართლაც ორი კაცი გამხდარიყო ხოლერით. მეორე დღესვე დავიბარეთ ხალხი, შევადგინეთ სანიტარნი კომისია, გავათავისუფლებინეთ მთელი სოფელი, თუმცა მომეტებული ნაწილი გახიზნულიყო, რასაც წამს შეეტყოთ ხოლერა გაჩნდაო. გუბერნატორსაც დეპეშა მივწერეთ ექიმისა და წამლებისათვის. რადგან ვერ წარმოიდგენ ამ მხრით რა უპატრონოდ და უნუგეშოდ არის ჩვენი სოფლები დაგდებული. საწყალი ნინო ძალიან ცდილობდა ყველასათვის, ვინც გახდებოდა ავად, მაშინვე პატრონობა გაეწია… გული მიკვნესის და ვერ შერიგებია იმ აზრს, რომ მე ნინო აღარ მყავს.”

ზნეობის ასეთი გამოვლინება არცთუ იშვიათია ქართველი ერის ცხოვრებაში, მაგრამ ნინო ვეზირიშვილის თავგანწირვა, მისი საოცარი დამოკიდებულება ავადმყოფებისადმი მართლაც გამორჩეული და ღირსსახსოვარია.

ნინო თავისი ცხოვრებითა და სიკვდილით ღირსეულად დაუდგა გვერდით თავის სახელოვან ბიძას, რომლის პოეზიაც თანამოძმეთა სამსახურისა და თავდადებისაკენ მოუწოდებს ქართველ ერს.

ასეთი ადამიანები ისტორიის ბინდბუნდში ვარსკვლავებივით გამოანათებენ ხოლმე, რათა სხვებსაც აგრძნობინონ სულიერების სიდიადე და მშვენიერება.

დატოვეთ კომენტარი