გზას, რომლის რეაბილიტაციაზეც 1 310 000 ლარი დაიხარჯა, ხარვეზი აღმოაჩდა. საუბარია მოხისი-კოდა-ვარდის უბნის 5 კმ-იან გზის მონაკვეთზე, რომელის რეაბილიტაციაც 2017 წელს განხორციელდა.
ეს საკითხი ქარელის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ის წევრმა თამარ დიასამიძემ წამოჭრა.
“კომპანიას, რომელმაც ეს სამუშაოები შეასრულა, მერიამ უჩივლა და სასამართლოც მიმდინარეობს, თუმცა მას მერე 5 წელი გავიდა და ეს გზა ისევ იმ მდგომარეობაშია”, – აღნიშნა დიასამიძემ და სხდომაზე მყოფ მერს ბოლო სიახლეების გაზიარება სთხოვა.
დეპუტატის კითხვის პასუხად, ზაზა გულიაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიის წარმომადგენლები პასუხისგებაში არიან მიცემულები.
“კომპანიის წარმომადგენლები პასუხისგებაში არიან მიცემულები და აქედან გამომდინარე, ჩვენც ველოდებით მოქმედებას და პასუხს სასამართლოდან. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ისე წარიმათება ეს საქმე, ჩვენ სხვა ძალა არ შეგვწევს”, – თქვა გულიაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე დაინტერესდა იმით, თუ როდის იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი, რაზეც გულიაშვილმა უპასუხა:
“როცა მოსამართლე მე ვიქნები, მაგ პასუხს მერე გაგცემ. ახლა სასამართლოს კომპეტენციაში ვერ შევიჭრები”.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაციას შპს ” იბოლია” ასრულებდა.