20 წლის მარიამ ბაიდაური ამერიკის უნივერსიტეტში Case Western Reserve University ისწავლის.
“ყოველთვის მინდოდა საზღვარგარეთ სწავლა, თუმცა ხშირად მეუბნებოდნენ, რომ საჯარო სკოლიდან, თანაც რაიონიდან, ამაზე მხოლოდ თუ ვიოცნებებდი”, – ისხენებს მარიამი.
აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლა წელიწადში 83 000$ დოლარი ღირს. მარიამი კი იქ სრული დაფინანსებით ისწავლის.
“ბევრი შრომის შემდეგ ისე მოხდა, რომ ჯერ პატარ-პატარა გაცვლით პროგრამებში მივიღე მონაწილეობა. შემდეგ კი საერთაშორისო სკოლა UWC Dilijan-ში ჩავირიცხე სრული დაფინანსებით. ორი წელი იქ გავატარე, სადაც არამარტო ცოდნა, არამედ უდიდესი გამოცდილებაც შევიძინე. ორი წლის შემდეგ კი ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტმა შემომთავაზა ადგილი. საბოლოოდ არჩევანი Case Western Reserve University-ზე შევაჩერე, სადაც სრული დაფინანსება მოვიპოვე”.
მარიამი უნივერსიტეტში სამეცნიერო მიმართულებით ისწავლის.
“შესანიშნავი გარემოა ქიმიური ინჟინერიის შესასწავლად. ეს სფერო ბავშვობიდან მაინტერესებს, თუმცა სამწუხაროდ საქართველოში არც თუ ისე ბევრ გოგონას შევხვედრივარ, ვინც ქიმიურ ინჟინერიას სწავლობს. ასე, რომ ძალიან გამიხარდება, თუ ამ სფეროში ქალთა ჩართულობა მოიმატებს”, ამბობს მარიამ ბაიდაური.