ატენში მოსახლეობას, რომელიც გზისა და სასმელი წყლის პრობლემას აპროტესტებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, ზვიად ანესაშვილი შეხვდა.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია საქართველოს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს, ხოლო სასმელ წყალთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
“თუ წყალში გადაყრილი და არამიზნობრივად დახარჯული თანხა იყო, ამას შესაბამისი სამსახურები გაარკვევენ. რატომ არის წყლის პრობლემა, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ”, – განაცხადა ანესაშვილმა.
ატენის მოსახლოების თქმით, სოფელში გზის რეაბილიტაცია თითქმის ხუთი წელია მიმდინარეობს, მოუწესრიგებელი გზის გამო, კი სოფელში ტრანსპორტით გადაადგილება ჭირს.
“აღნიშნული გზის მონაკვეთი არის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვლა-პატრონობის ქვეშ, ამიტომ უნდა დავუკავშირდეთ დეპარტამენტის წარმომადგენლებს და გავარკვიოთ სიტუაცია.დეტალურად გავიგებთ რა ხდება და რა მდგომარეობაა, მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება ზუსტი პასუხი გაგცეთ”, – უთხრა ჟურნლისტებს გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, ატენში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა.