გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა გორის მერის სახელზე წერილი გაავრცელეს, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მოვაჭრეებისთვის კონპენსაციის გადახდას ან შეღავათების დაწესებას სთხოვენ. გორის მერიაში განაცხადეს, რომ მათ წერილზე კომენტარს არ გააკეთებენ.
“ამას არ ვეხმაურებით”, – გვითხრეს მერიაში.
თუმცა, უწყებაში განმარტავენ, რომ გარემოვაჭრეებისთვის შეთავაზებული შეღავათები ისევ ძალაშია და გარემოვაჭრეებს შეუძლიათ ისარგებლონ.
“ჩვენ საშეღავათო პირობაზე განცხადება რამდენჯერმე გავავრცელეთ და შეუძლიათ ისარგებლონ ახალ ბაზარში”, – განმარტავენ მერიაში.
ინფორმაციისთვის, გურამიშვილის ქუჩაზე გარევაჭრობა რამდენიმე დღის წინ აკრძალეეს. გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ტერიტორიიდან გაიტანეს დახლები, თუმცა გარემოვაჭრეები ადგილზე ისევ მივიდნენ და ვაჭრობა განაგრძეს. გორის მერიამ გარემოვაჭრეებს შესთავაზა ახალ ბაზარაში ალტერნატიული ფართები და ასევე გადასახადისგან გათავისუფლება ერთი წლით, თუმცა მოვაჭრეების ნაწილი ამ შეთავაზებას არ დათანხმდა.