ბლოგები

რა უფლებები გვაქვს, ჩვენი დაკავების შემთხვევაში? – რჩევები იურისტისგან

ავტორი: ლექსო მერებაშვილი

ქართული კანონმდებლობის მიხედვით პირის დაკავება შეიძლება მოხდეს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით.

ადმინისტრაციული წესით დაკავება ხდება იმ პირისა, რომელმაც ჩაიდინა ადმინისტრაციული გადაცდომა და ამ გადაცდომისათვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა.

  • ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, დამკავებელი ვალდებულია განუმარტოს დაკავებულს, თუ რომელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის აკავებს და რატომ, რა საფუძვლით აკავებს.
  • გარდა ამისა, დაკავებული უფლებამოსილია მოითხოვოს ადვოკატის აყვანა და მისი დაკავების შესახებ ახლობლისათვის შეტყობინება.

თუკი დაკავებისას ან შემდეგ ადგილი აქვს ფიზიკურ შეურაცხყოფას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაკავებულს უფლება აქვს ამის შესახებ აცნობოს შსს გენერალურ ინსპექციას ცხელი ხაზის ნომერზე 126, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ცხელი ხაზის ნომერზე 199, ან/და საქართველოს სახალხო დამცველს ცხელი ხაზის ნომერზე 1481.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი სასამართლოს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 24 საათისა, თუმცა მტკიცებულებათა მოსაპოვებლად ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს 48 საათამდე.

სისხლის სამართლის წესით დაკავება ხდება იმ პირისა, რომელიც ბრალდებულია ან წაასწრეს დანაშაულის ჩადენაზე.

  • დაკავებულ პირს  მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს, თუ რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი.
  • მასვე უნდა გადაეცეს დაკავების ოქმი. დაკავებისას, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ პირს  უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული.
  • ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და მიიღოს შესაბამისი წერილობითი დასკვნა.
  • ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში თავისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი და ადგილსამყოფელი, თავისი მდგომარეობა, ასევე შეატყობინოს კრედიტორს, სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები აკისრია.

თუკი დაკავებისას ან შემდეგ ირღვევა დაკავებულის უფლებები, მას, მსგავსად ადმინისტრაციულად დაკავებული პრიისა უფლება აქვს მის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უფლებადარღვევების შესახებ აცნობოს შსს გენერალურ ინსპექციას ცხელი ხაზის ნომერზე 126, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ცხელი ხაზის ნომერზე 199, ან/და საქართველოს სახალხო დამცველს ცხელი ხაზის ნომერზე 1481.

დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრალდების შესახებ დადგენილება. თუ ამ ვადაში დაკავებულს დადგენილება არ გადაეცა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

დატოვეთ კომენტარი