სტატიები

როგორ აპირებს მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას? – ინტერვიუ ბაქარ გიუნაშვილთან

რა გააკეთა, რა დაგეგმა და როგორ აპირებს რეგიონში მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი – ამ საკითხებზე “მოზაიკა” მიუსაფარ ცხოველთა მართვის ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორს, ბაქარ გიუნაშვილს ესაუბა. 

მას შემდეგ, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება აქტიურად დაიწყეთ, რა სახის რეფორმები გაატარეთ და სამომავლოდ რა რეფორმებს გეგმავთ?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციების რაოდენობა გვაქვს საგრძნობლად გაზრდილი. თბილისი, რომელიც მილიონ-ნახევრიანი ქალაქია, ფაქტობრივად იმავე რაოდენობის ოპერაციებს აკეთებს დღეში, რამდენსაც ჩვენ, 18-19. ასევე, სიახლეები, რაც დაიგეგმება ჩვენს სააგენტოში, ყველაფერს ვაცნობებთ მედიას და ყველა საჭირო ინტსტიტუციას.

მოგეხსენებათ, თუ როგორ უდიერად ეპყრობა საზოგადოების ნაწილი ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს და აუცილებელია ასეთი შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანას ვეცდებით. ასეთი შემთხვევების აღსაკვეთად, შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს დასჭირდება საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, რაშიც, წარმომადგენლობითი ორგანოები იმედს ვიტოვებთ, რომ მაქსიმალურად დაგვეხმარებიან.

ცხოველების მიმართ უდიერი მოპყრობის ფაქტების პარალელურად, გვაქვს შემთხვევები, როცა მოსახლეობა ჩივის მიუსაფარი ცხოველების სიმრავლეზე, რის გამოც ქალაქში ფეხით გადაადგილება უსაფრთხოდ არ ეჩვენებათ.  როგორ მოახერხებთ პრობლემის მოგვარებას ისე, რომ არც ცხოველთა უფლებები დაირღვეს და საზოგადოებამაც უსაფრთხოდ იგრძნოს თავი?

ეს კომპლექსური პრობლემაა, რომლის გადაჭრის გზებზეც აქტიურად ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, რომ ადამიანის უფლებები ხელშეუხებელია და ამ მოცემულობის დაცვით შევეცდებით, რომ ცხოველთა უფლებებიც მაქსიმალურად დაცული იყოს.

ზოგადად თქვენი დამოკიდებულება როგორია ცხოველების მიმართ?

ცხოველების მიმართ საკმაოდ კარგი დამოკიდებულება მაქვს და მიყვარს ისინი. ჩემს სახლში მრავლად მოიძებნებიან ოთხფეხა მეგობრები. მყავს 3 ძაღლი და 5 კატა.

ოპერაციებს რაც შეეხება, რამდენად სრულფასოვნად ხართ აღჭურვილი იმ საჭირო ტექნიკით, რაც ოპერაციების ჩასატარებლად არის საჭირო?

ისეთი ძვირადღირებული დანადგარები, როგორებიც არის რენტგენი და ექოსკოპიის აპარატი, ჩვენ არ გვაქვს. მაგრამ საოპერაციო კეთილმოწყობილია და მაქსიმალურად არის დაცული ყველანაირი სტანდარტი.

წინა დირექტორის მმართველობის პერიოდში ყოფილა შემთხვევები, როცა უნდა მომხდარიყო ძაღლების დაძინება, თუმცა თამარ აფციაური ამ პროცედურის სასტიკი წინააღმდეგი იყო, თქვენ როგორ მოიქცევით ასეთ შემთხვევაში?

ყველაფერს გავაკეთებთ იმ დოზით, რამდენის საშუალებასაც კანონი მოგვცემს და ჩემს პირად დამოკიდებულებას რაც შეეხება, აღვნიშნე კიდეც, რომ ცხოველების მოყვარული ვარ და მაქსიმალურად თავს შევიკავებ მსგავსი პრეცენდენტისგან, თუ ამის გაკეთების საშუალებას კანონი მომცემს.

შეგახსენებთ, რომ ბაქარ გიუნაშვილი დაახლოებით ორი კვირაა, რაც ცხოველთა ინტერმუნიციპალური მართვის სააგენტოს დირექტორად დაინიშნა და თამარ აფციაური ჩაანაცვლა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.