ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთში ერთ კვირაზე მეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, იყო პერიოდი, როცა ტრანსპორტი ზუსტი გრაფიკით მოძრაობდა, თუმცა შემდეგ ჯერ სიარული შეამცირა, შემდეგ კი შეწყვიტა.
“2 საათში ერთხელ დადიოდა ხოლმე. შემდეგ გრაფიკი აირია და დღეში სამჯერ თუ გამოჩნდებოდა. მგზავრობაც გაძვირდა და ახლა საერთოდ აღარ დადის. გვიწევს ტაქსით ან ფეხით სიარული ქარელამდე, რაც ძალიან გვიჭირს, რადგან დღეში 3-4 ლარი მაინც გვინდა რომ ქარელში ავიდეთ”, – გვითხრა ვანო არხოშაშვილმა.
ამ საკითხზე “მოზაიკა” ესაუბრა სოფელში მერის წარმომადგენელს, რომლის განმარტებითაც შექმნილი პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
“ინფორმაციას არ ვფლობ. ყოველდღიურად მიწევს სოფელში გავლა და ამ თემაზე არავის არაფერი უთქვამს ჩემთვის. როგორც ვიცი, ტრანსპორტი დადის. ეს ბოლო დღეები თუ აღარ დადის პირველად მესმის”, – გვითხრა გიორგი თურმანიშვილმა.
მისივე თქმით საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სამარშრუტო ხაზიც კერძო საკუთრებაა და რომ ხელისუფლებას მისი მოძრაობის რეგულირება არ შეუძლია.