გორი ელექტრონული მუსიკის მასშტაბურ ივენთს უმასპინძლებს.
“მოზაიკასთან” პროექტის “იდეა,” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნათია კახიძემ კლუბის დაარსებაზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორ დაიბადა ამ პროექტის შექმნის იდეა?
იდეა დაიბადა იქიდან, რომ გორში თითქმის, არ არსებობს ისეთი სახის სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ გართობას. საღამოს ცხრა საათის შემდეგ კი აქტივობების მხრივ ქალაქი ფაქტობრივად მკვდარია. ვისაც ელექტრონული მუსიკა უყვარს, თბილისში მიდის, ქალაქი ახალგაზრდებისგან იცლება. ახალგაზრდული ხედვის გარეშე დარჩენილი ქალაქი კი განწირულია. სწორედ ამიტომ, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ გორში შეგვექმნა ისეთი სივრცე, რომელიც ახალგაზრდებს ასე ძალიან სჭირდებათ.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მარტივად აითვისებს გორი სიახლეს?
გორი არის ქალაქი, რომელზეც ყველაზე მეტად იქონია გავლენა ჯერ საბჭოთა კავშირმა, რადგან სტალინი ამ ქალაქში დაიბადა, შემდეგ კი რუსულმა აგრესიამ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პროექტი ერთგვარი წინააღმდეგობის და ბრძოლის სიმბოლოც არის იმ სისტემის და მენტალიტეტის წინააღმდეგ, რომელიც მოძველებული და ჩამოსაშლელია. ვიცი, რომ იქნება წინაღობები, მაგრამ მჯერა, ახალგაზრდების ერთიანობის ხარჯზე ჩვენი მულტიფუნქციური სივრცე წარმატებული იქნება.
ეს ნიშნავს, რომ პროექტი ერთჯერადი ხასიათის არ იქნება?
ჩვენ, საკმაოდ შორეული მიზნები გვაქვს და მხოლოდ ელექტრონული მუსიკით არ ვიქნებით შემოსაზღვრულები. ეს იქნება სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული და მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე.
როდის იგეგმება პირველი “ივენთი”?
2 ივლისს, ღამის 12:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება მთელი ღამის განმავლობაში. ბილეთებს რაც შეეხება, მათი შეძენა eventer.ge-ზე იქნება შესაძლებელი. დარჩენილია მეორე კალათის ბილეთები, რომლებიც 40 ლარი ღირს, კარზე კი ბილეთი 50 ლარი ეღირება. კლუბი “იდეა” მდებარეობს სოფ. ოთარშენში. ლოკაციაზე, სადაც წარსულში რესტორანი “ნიავი” ფუნქციონირებდა.