ქარელის მერია ამბობს, რომ ისინი მოქალაქეებს, ტელევიზიებს თუ გაზეთებს ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, აწვდიან. საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხის განხილვას კამათი მოჰყვა, რადგან ოპიზიციონერმა დეპუტატმა თქვა, რომ ამ დრომდე 4 წლის წინ გაგზავნილ წერილებზეც კი არ მიუღია პასუხი.
“4 წელია, განცხადებები შემომაქვს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე პასუხის მოთხოვნით, თუმცა დღემდე არცერთ წერილზე პასუხი არ მიმიღია. როდესაც საუბრობთ, რომ მერია საჯარო ინფორმაციის გაცემას ახორციელებს კანონით დადგენილ ვადებში, ეს არის ტყუილი, ამის მაგალთი ვარ მე”, – განაცხადა თამარ დიასამიძემ.
მის ამ განცხადებას ხმაური მოჰყვა. “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია კუთხაშვილმა თამარ დიასამიძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“კარგი დავიღალეთ, ყოველ სხდომაზე ერთი და იგივე თემაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? ნუ წივიხართ, წყნარად ისაუბრეთ”.
ოცნების დეპუტატების მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ გააღიზიანა ენმ-ის დეპუტატი ილია ბაბლიძე. მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნას “ქართული ოცნების” უმრავლესობა ცინიზმით პასუხობს.
“მნიშვნელობა არ აქვს, როგორი შინარსის წერილი შემოგდით, ვალდებული ხართ, რომ ნებისმიერ შემოსულ წერილს გასცეთ პასუხი. ადამიანი ამდენი ხანი ამ პრობლემაზე ლაპარკობს და ყველაფერზე ასე იცინიხართ და ცინიკური დამოკიდებულება გაქვთ. განა რას წერს ისეთს, რომ პასუხები არ გაქვთ მისაწერად”, – თქვა ილია ბაბლიძემ.
თავისი მოსაზრება გამოთქვა პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ვასიკო ბაქრაძემ.
“თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საიდუმლო შიინარსის არ არის, მაშინ რა პრობლემა გაქვთ, რომ უპასუხოთ და წერილებზე პასუხის გაცემაზე ამდენი ხანი არ ალოდინოთ”.
ოპოზიციის კომენტარების საპასუხოდ, ქარელის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა თქვა, რომ არის წერილები, რაზე პასუხის ვალდებულებაც მას არ აქვს.
“რაც შეხება ამ წერილებს, რასაც ეს პიროვნება გვწერს, ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. თქვენ შემოდიხართ კონკრეტული წერილებით, მათზე პასუხის გაცემა ჩემი ვალდებულება არ არის”, – განმარტა ელგუჯა ხაბალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა საკრებულოს 2021 წლის ანგარიში წარუდგინა.