მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს შშმ პირთა უფლებების და ინტერესების დაცვას საქართველოს კანონი და საერთაშორისო კონვენცია ავალდებულებს, მუნიციპალიტეტების ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე არ ზრუნავენ. ერთ-ერთი ასეთი მუნიციპალიტეტი ქარელია, სადაც თითქმის არ არსებობს პანდუსები, რომლებიც ეტლით მოსარგებლე ადამიანებს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
“მოზაიკამ” დაათვალიერა ქალაქი და აღმოჩნდა, რომ პანდუსები არ არსებობს:
- ქარელის მერიის და საკრებულოს შენობასთან
- საბავშო ბაღებთან
- სკოლებთან
- სკვერებთან
- საფინანსო კომპანიების ოფისებთან
- პოლიციის შენობასთან
- მაღაზიებთან
აღსანიშნავია, რომ პანდუსი მოწყობილია მერის წარმომადგენლის ოფისთან და პირველი საკარო სკოლის შენობასთან, თუმცა ისინი საჭირო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2013 წელს მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, რომლითაც აიღო ვალდებულება
“უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას”.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, სადაც ვკითხულობთ:
“სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონის წინაშე თანასწორობასა და უფლებების რეალიზებას სხვებთან თანასწორად, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.”