“აქცენტი იმაზე არ იქნება გაკეთებული რომ, მუნიციპალიტეტმა აქედან რამე სარგებელი ნახოს და მოგებაზე იმუშაოს. ჩვენთვის მთავარია, რომ აუზმა თავის თავი შეინახოს”, – ამბობს ქარელის მერის მოადგილე ნათია მაწონაძემ.
საუბარია საცურაო აუზზე, რომლის აშენებაც დაახლოებით 6 მილიონი დაჯდა.
“ახლა 500 000 ლარი გვჭირდება იმისთვის, რომ აუზის ხარჯები დავფაროთ. მოგეხსენებათ, რომ აუზი ერთი თვე უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს და თვის ბოლოს მოხდება ყველა ხარჯის დაანგარიშება – ეს იქნება ელექტოროენერგიის. გაზის, წყლის გადასახადი და უკვე გვეცოდინება, რა დაჯდება აუზის შენახვა”, – აღნიშნა მაწონაძემ.
მისივე თქმით, აუზით სარგებლობის ტარიფი სერვისების ჩამოყალიბების შემდეგ დადგინდება.
“მოგეხსენებათ რომ დიდი და პატარა ზომის აუზებია. ასევე სატრენაჟორო დარბაზი გვაქვს და განვიხილავთ რამდენიმე ვარიანტს, ფასთან მიმართებაში. არიან ადამიანები, ვისაც მარტო ტრენაჟორების მომსახურება სჭირდებათ და არ უნდა საცურაო აუზის მომსახურება. ამიტომ სხვადასხვა ფასთა ზღვარი იქნება დაწესებული”.
მაწონაძის სიტყვებით, “აუზთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნა იმის პერსპექტივას იძლევა, რომ დაწესებულება საკუთარ თავს თავად შეინახავს.”