ახალი ამბები

რაგბის კავშირმა და ხაშურის მერიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს რაგბის კავშირმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

“თანამშრომლობის მიზანია ხაშურის მუნიციპალიტეტში რაგბის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია, სარაგბო ინფრასტრუქტურის – სარაგბო ბაზის მოწყობა, ბავშვთა რაგბის განვითარება, ადგილობრივი კლუბების ხელშეწყობა”, – ნათქვამია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ განცხადებაში.

უწყების ცნობით, რაგბის განვითარების მიზნით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ზემო სერის ტერიტორიაზე 4 ჰა ფართობია გამოყოფილი, სადაც დაგეგმილია მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.

“საწყის ეტაპზე კომპლექსი მოიცავს ერთ სავარჯიშო და ერთ ძირითად მოედანს ხელოვნური საფარით, რომელიც გათვლილი იქნება 500 მაყურებელზე, იქვე განთავსდება კვების ბლოკი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.შემდგომ ეტაპზე კი განიხილება მულტიფუნქციურ კომპლექსში სასტუმროს (არანაკლებ 40 ადგილისა) მშენებლობა, რაც შექმნის ყველა პირობას როგორც სხვადასხვა სახის შეჯიბრის ჩატარებისთვის, ისე საწვრთნელი შეკრებების მაღალ დონეზე წარმართვისთვის.”- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

რაგბის კავშირის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა კავშირის თავმჯდომარე იოსებ ტყემალაძემ და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.