ქარელის ცენტრალურ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 კვირაზე მეტია მიმდინარეობს. გადათხრილია ქუჩის დიდი ნაწილი, რაც ავტომობილების გადაადგილების პრობლემას იწვევს. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა, ვასილ ბაქრაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან “საქართველოსთვის”.
მისი თქმით, ერთი მხრივ, მოსახლეობას ექმნება დისკომფორტი, მეორე მხრივ, კი ჯერ მოხდა გზის ასფალტის დაგება და შემდეგ, შიდა გაყვანილობების მოწყობის მიზნით, ხელახლა გადათხრა. ბაქრაძის აზრით, ეს საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
“საერთაშორისო პრაქტიკით ჯერ უნდა გაკეთდეს მსგავსი მიწისქვეშა გაყვანილობები და შემდეგ მოხდეს გზის მოპირკეთება, რადგან ეს არის ზედმეტი ხარჯი. მოვუწოდებ, რომ ვინც მსგავს სამუშაოებს ატარებს და ჩაატარებს შემდგომში სწრაფად და ორგანიზებულად ჩაატაროს სამუშაოები, რათა ამდენი ხანი არ გაიწელოს და მსგავსი დისკომფორტი არ შეუქმნას მოსახლეობას.”- განაცხადა ქარელის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვასიკო ბაქრაძემ.
როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, პრობლემაზე მრავალი თხოვნა მიიღო მოქალაქეებისგან, მოსახლეობა პრობლემის სწრაფად მოგვარებას ითხოვს.