“იავნანაში წევს 37 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰყავს 5 თვის ბავშვი. არ აქვს ბავშვის საკვები, პამპერსი”, – ასე იწყებოდა მიმართვა, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელში, ახალგაზრდა ქალის და მისი შვილის დასახმარებლად გავრცელდა.
პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე, კლინიკაში ახალგაზრდების ჯგუფი მივიდა და დედა-შვილს საკვები პროდუქტები და ჰიგიენის პირველადი ნივთები მიუტანა.
“ამ პატარა ბიჭს და დედას სჭირდებოდა ჩვენი დახმარება და სხვანაირად ვერც მოვიქცეოდით. მოვედით და წამლები, საკვები მოვუტანეთ”, – ამბობს გავრცელებულ ვიდეოში ბესო გოგაშვილი.
როგორც გაირკვა, დედა-შვილს არ აქვს სახლი და შესაბამისად, არ იციან, კლინიკიდან გაწერის შემდეგ, სად იცხოვრებენ.
“ეტყობა, რომ ძალიან კარგი დედაა. სოციალური სამსახურიც ჩართულია და ცდილობენ, რომ კლინიკიდან გაწერის შემდეგ, თავშესაფარი ჰქონდეთ”, – ამბობენ კლინიკის თანამშრომლები.
მათივე თქმით, “აქ ყველა მზად არის, ყველგან და ყველასთან დაამტკიცოს, რომ ეს ქალი არის ძალიან კარგი ადამიანი, დედა და იმსახურებს დახმარებას”.
დედა-შვილს, პირველ რიგში, თავშესაფარი სჭირდება.