ახალი ამბები

ოპოზიცია: ხაშურში წყლის სისტემების რეაბილიტაცია წინა საარჩევნო დაპირება იყო

ხაშურის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, პარტიიდან “საქართველოსთვის” შოთა კურტანიძემ ხაშურში სასმელი წყლის რეაბილიტაციის საკითხი გააჟღერა და მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. 

“საკრებულოს სხდომაზე დავუსვი კითხვა მმართველი პარტიის წევრებს, რომლებიც მოგეხსენებათ უმრავლესობას წარმოადგენენ საკრებულოში და მათ შორის სხდომაზე მყოფ მერიის წარმომადგენლებს. რა იცოდნენ ან რა ინფორმაციას ფლობდნენ წყლის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მთავარ დაპირებას წარმოადგენდა წინა საარჩევნოდ მმართველი გუნდისა. არცერთი წევრი არ ფლობდა ინფორმაციას. რაც, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია ჩვენი მოსახლეობის წინაშე”, – განაცხადა შოთა კურტანიძემ.

კურტანიძის თქმით, მათი ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარემ წერილით მიმართა წყალმომარაგების კომპანიას, წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესის ეტაპებთან დაკავშირებით. კურტანიძის თქმით, კომპანიამ პასუხი დაუბრუნა.

 “ამჟამად მიმდინარეიბს ხაშურის წყალმომარაგების და წყალარინების პროექტით გათვალისწინებული ხაშურის წყლის მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქციის სამუშაოების საერთაშორისო შესყიდვის პროცედურები,სავარაუდოდ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება და სამუშაოები 2022 წლის მე-3 კვარტალში დაიწყება და 2026 წელს დასრულდება”, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის წერილში. 

წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები მოიცავს ხაშურის, სოფელ ცხრამუხისა და ოსიაურის წყალმომარაგების სრულ რეაბილიტაციას. კომპანიის ცნობით, წყალარინების რეაბილიტაცია საწყის ეტაპზე, განხორციელდება მხოლოდ, ქალაქ ხაშურში და ის მოიცავს ქალაქის კარგვეულ მონაკვეთს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.