ავტორი: მარეხ გაგნიძე
მყავდა ბებია, რომელიც საოცრად ქარგავდა, ქსოვდა. მან შემაყვარა ეს საქმე. მისი ნამუშევრები სამწუხაროდ ხანძარმა შეიწირა, თუმცა მისგან სამუდამოდ დამრჩა ხელსაქმის სიყვარული. ოჯახის შექმნის შემდეგ, დროის სიმცირის გამო, ნაკლებად ვახერხებდი ქსოვას, მაგრამ შვილების წამოზრდის შემდეგ, აქტიურად დავუბრუნდი საყვარელ საქმიანობას.
ბავშვობის ოცნება იყო მესწავლა კალათების ქსოვა. დასავლეთისკენ მიმავალს გზად, ყოველთვის მახსენებდა თავს ეს სურვილი. დასაწყისისთვის ქაღალდის ჩხირები გამოვიყენე. პირველად გამიჭირდა. ვეძებდი ადამიანს, რომელსაც წნელით ქსოვა ეცოდინებოდა, მაგრამ ვერ მივაკვლიე. მოგვიანებით ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა ვიდეო გაკვეთილები, საიდანაც ქაღალდის სპეციალური ტექნოლოგიით შეღებვა- დამუშავება ვისწავლე.
ახალ გატაცებას ვუთმობდი მთელ ჩემს თავისუფალ დროს, ერთს ორი მოჰყვა, ორს სამი და უამრავი ლამაზი ნივთი დამიგროვდა. მათი დიდი ნაწილი საჩუქრად გავეცი, თითოეულს კი დიდი სითბო და სიყვარული გავატანე.
ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა გარემოს დაცვის და მეორადი ნივთების გამოყენების პოპულარიზაცია, რამაც სტიმული მომცა მეტი მეკეთებინა, მე ხომ სწორედ მაკულატურას ვიყენებდი ჩემი საქმიანობისთვის.
მინდა აღვნიშნო და მადლიერება გამოვხატო ქალაქის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელობის მიმართ, რომლებმაც დააფასეს ჩემი შრომა. მათი მხარდაჭერით ვიღებდი და ვიღებ მონაწილეობას ადგილობრივ კულტურულ ღონისძიებებში. მონაწილება მივიღე გორში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვაზე. 2019 წელს ნამუშევრები გავიტანე ფესტივალზე სახელწოდებით—„მწვანე ფესტივალი- უთხარი პლასტმასას არა!!!“ რომელიც გორში ჩატარდა.სულ ახლახანს, 2022 წლის მაისში, ქ. ბათუმში ჩატარდა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა, იქაც მიწვეული ვიყავი ჩვენი მუნიციპალიტეტიდან.
არასოდეს ვჩერდები, სულ სიახლის ძიებაში ვარ. სურვილი მაქვს შევქმნა კიდევ უამრავი ლამაზი ნივთი, რომლებიც სიყვარულით მზადდება.