საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი ხვალ გორში საპროტესტო აქციას გამართავს.
გარდაცვლილი ბიჭის მამა ამბობს, რომ ხვალინდელ აქციას მისი თანასოფლელებიც შეუერთდებიან. მერაბ მერებაშვილის თქმით, ბურუსით მოცულს საქმესთან დაკავშირებით ის ახალ, აქამდე უცნობ დეტალებს სწორედ აქციაზე გააჟღერებს.
“ხვალ დილიდან ვიკრიბებით გორში, ზუსტ ადგილს მოგვიანებით დავასახელებთ. ხვალ ვისაუბრებ ისეთ დეტალებზე, რაზეც აქამდე არ მისაუბრია”, – ამბობს მერაბ მერებაშვილი.
ხელთუბანში მცხოვრები 18 წლის თორნიკე მერებაშვილი 2018 წლის 6 ივლისს საავტომობილო გზაზე მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.
პროკურატურის ვერსიით, გზაზე მიმავალ თორნიკე მერებაშვილს ავტომანქანამ შემთხვევით გადაუარა ,რაზეც ერთი პირია დაკავებული. ოჯახი ამ ვერსიას არ ენდობა, მერებაშვილები ფიქრობენ, რომ თორნიკე მოკლეს, გამოძიება კი დამნაშავეებს მფარველობს.