განტვირთვა

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საგაკვეთილო პროცესში?

საგაკვეთილო პროცესი მუდმივი დაკვირვება – შესწავლის საგანია ჩემთვის, – ამბობს მასწავლებელი სუზი ბერიძე.

“ეს არის პროცესი, სადაც კმაყოფილებას მარცხის შეგრძნება შეიძლება მოყვეს; სადაც შეიძლება, რომ ექსპრომტად იდეალური გაკვეთილი გამოვიდეს და კარგად დაგეგმილი ძალიან მოსაწყენი. ერთ რამეზე ყოველთვის ვთანხმდებით, ყველაზე სასიამოვნო და საინტერესოა, როცა მოსწავლეები თავად ქმნიან საგაკვეთილო პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ სწავლების დიდხნიანი პრაქტიკა არ მაქვს მაინც გავბედავ გაგიზიაროთ ყველაზე სამი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ჩემი ორწლიანი დაკვირვებით ყველაზე მეტ სტიმულს მატებს მოსწავლეებს და ხელს უწყობს მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.”


აღმოაჩენინეთ მოსწავლეებს საკუთარი თავი. დაარწმუნეთ, რამდენად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადამიანები არიან. მიეცით საშუალება თავად გახდნენ თანატოლგანმანათლებლები. დაეხმარეთ თავიანთი მისწრაფებები, ჰობი,ინტერესები დაუკავშირონ თქვენს საგანს.


პროექტული სწავლება ძალიან საინტერესო პროცესია. პროექტის დაგეგმვისას უამრავი თემა შეიძლება გააერთიანოთ და მჭიდრო კავშირში მოიყვანოთ ერთმანეთთან. მოსწავლეები უკეთ აკავშირებენ თემებს ერთმანეთთან თუ პრაქტიკულად, კეთებით სწავლობენ, მაშინ როცა თეორია მოსაბეზრებად შეიძლება ეჩვენოთ. გნსაკუთრებით ამართლებს ეს მეთოდი, თუ პრობლემა რეალურია. მნიშვნელოვანია პრობლემის შერჩევისას, თავად მოსწავლეებმა მიიღონ გადაყვეტილება. თუ პრობლემა მათთვის აქტუალურია, მისი გადაჭრის გზების ძიების მოტივაციაც მაღალია.


სცადეთ თამაშით სწავლება – თამაშის რამდენიმე სახეობა შეიძლება გამოიყენოთ. მაგალითად, თეატრალური წარმოდგენა, რომელიც შეგიძლიათ ექსპრომტად დადგათ თემიდან გამომდინარე ბავშვებთან ერთად ან წინასწარ შეიმუშაოთ სცენარი და რამდენიმე თემას მოარგოთ. ხელნაკეთი სამაგიდო თამაში, დამზადების პროცესი, წესების შემუშავება არცერთ ბავშვს არ დატოვებს გულგრილს. მაგალითად, მეექვსე კლასში დავამზადეთ „ისტორიული უნო“ – შეიძლება „უნოს“ წესები შეცვალოთ მათემატიკური, ქიმიური ან ფიზიკური უნო დაამზადოთ. რა თქმა უნდა, თანამედროვე ბავშვებთან ურთიერთობისას შეუძლებელია ციფრულ ტექნოლოგიებს გვერდი ავუაროთ, მრავალფეროვნებისთვის ონლაინ თამაში შეგიძლიათ მოამზადოთ. Kahoot.com საშუალებას მოგცემთ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შექმნათ საკუთარი თამაში.



დატოვეთ კომენტარი
ტეგები