განტვირთვა

რას ვნახავთ გორის მუნიციპალიტეტში – 10 ტურისტული ადგილი

გორი ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია საინტერესო, ლამაზი და ისტორიული ღირებულების მქონე ადგილებით. რას ვნახავთ გორში – “მოზაიკა” გთავაზობთ იმ ადგილების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობენ.

ამავე თემაზე: რას ვნახავთ კასპში – 10 ტურისტული ადგილი მუნიციპალიტეტიდან

1. ციხე-კოშკები ტანას ხეობიდან

ტანას ხეობა გორიდან სამიოდე კილომეტრითაა დაშორებული და მდინარე ტანას მიუყვება. ტანა და მისი შენაკადები ჯამჯამასა და საცხენისის ქედებიდან მოედინებიან. მერე მდინარე  მტკვრისკენ მიექანება და სოფელ ხიდისთავთან უერთდება კიდეც. 

ხეობაში ყველაზე დიდი სოფლები ატენი, ვერე, ზემო ბოშური, ტუსრები და წეროს ხევი იყო, სადაც ძველი ტაძრის ნაშთები დღემდეა შემონახული. პატარა და ვიწრო ხეობაში 50-მდე ძველი ეკლესიაა. ხეობას მტერიც ეტანებოდა, რასაც აქაური ციხე-კოშკებიც ადასტურებს, რომელთაგან აღსანიშნავია ატენის, ვერესა და წედისის ციხეები.

ხეობაში დაახლოებით 25 სოფელია. უმეტესობას ძველი სახელი შემორჩა. მათგან ნაწილი ახლა ნასოფლარია. ხეობაში ახალგაშენებული სოფლებიც არის, რომლებიც მთის კალთებზეა შეფენილი.

2. ატენის სიონი

VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი გორიდან 12 კილომეტრში, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ტაძარი აგებულია ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. 

ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია და მისი სიმაღლე 22 მეტრია. ნაგებია მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებულია სხვა ფერის ქვებიც. 

3. დამჩქერას ჩანჩქერი

ჩანჩქერი დიდ ატენთან ახლოს, ატენის სიონიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. სიმწვანეში ჩაფლული ჩანჩქერი ზღვის დონიდან 880 მეტრზეა.

4. ბიისის ჩანჩქერი

ჩანჩქერი სოფელ ბიისთან ახლოს მდებარეობს, ზღვის დონიდან 1080 მეტრზე. ჩანჩქერის ძირას წყალი გუბდება და პატარა აუზი წარმოიქმნება.

ზამთარში ბიისის ჩანჩქერი იყინება და ყინულზე ცოცვის შეჯიბრებისათვის გამოიყენება.

ბიისის მთავარ ჩანჩქერამდე გზად გაივლით ცნობილ ბიისის “ყინულის ჩანჩქერს”, რომელიც ზაფხულში მხოლოდ სველი კლდეა, ზამთარში კი ყინულის ჩანჩქერი ხდება ხოლმე.

5. ბიისის წყლები

ბიისი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტად ითვლება. ცნობილია სულფიდური მინერალური წყლით, რომელიც სასარგებლოაართროლოგიური, ნევროლოგიური გინეკოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ. 

6. უფლისციხე

კლდეში ნაკვეთი ქალაქი  მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას მდებარეობს. დღესდღეობით უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს წარმოადგენს და ითვლება მუზეუმად ღია ცის ქვეშ.

ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ.

7. ნადარბაზევის ტბა

ნადარბაზევის ტბა გორთან ახლოს, კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. ზღვის დონიდან 856 მეტრზე მდებარე წყალსაცავის ზედაპირი 1,18 კმ²–ია. უდიდესი სიღრმე 1,8 მერტია, ხოლო მოცულობა 3 მლნ. მ³.  ეს წყალსაცავი შეიქმნა ყოფილი ნადარბაზევის ტბის ადგილას. 

8. გორის ციხე

ისტორიული ციხესიმაგრე გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ციხესიმაგრე ნაგებია რიყის ქვით, ხოლო ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი — „ცხრაკარა“ ეკვრის. სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია.  

ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს; სამხრეთი კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი. გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ.

9. გორიჯვარი

გორიჯვრის მთაზე მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც XX საუკუნის ძეგლია. ტაძარი აგებულია ადრე შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ადგილას 1920 წლის გორის მიწისძვრის შემდეგ. ნაგებია აგურით. ფასადები სრულდება სადა, თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესიას აქვს თაღოვანი კარი და სარკმლები. ტაძრის გვერდით დგას აგურითვე ნაგები სამრეკლო, რომლის მეორე სართულიც ოთხივე მხარეს თაღითაა გახსნილი. ეკლესიას გარს VIII საუკუნის გალავანი ერტყმის, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია. 

თავად სოფელი გორიჯვარი კი ბალნეოლოგოური კურორტად ითვლება. მის ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს გოგირდწყალბადიანი, სულფიდური მინერალური წყალი. ამჟამად გორიჯვარში მხოლოდ სააბაზანო შენობა ფუნქციონირებს. 

10. ქვახვრელის კომპლექსი

კომპლექსი სოფელ ქვახვრელის აღმოსავლეთით მდებრაობს, უფლისციხის მოპირდაპირე მხარეს. ძეგლი VII-IX საუკუნეებით თარიღდბა. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო. ქვიშაქვის ფრიალო კლდეში გამოკვეთილ კომპლექსში კლდის სიღრმეში ნაკვეთი ეკლესია, კორიდორები, სადგომები და სამრეკლო შედის.

დატოვეთ კომენტარი