ახალი ამბები

„პირუტყვი დაგვეხოცა, რადგან ხრეშის მომპოვებელმა კომპანიამ ორმოები არ ამოავსო”

„პირუტყვი დაგვეხოცა, რადგან ხრეშის მომპოვებელმა კომპანიამ ორმოები არ ამოავსო”, – ამის შესახებ “მოზაიკას” კასპში, “სოლხოზის” დასახლებაში მცხოვრები ოთარ მატკავა ესაუბრა.

მატკავა ამბობს, რომ მისი დასახლების მახლობლად, ხრეშის მომპოვებელი ტექნიკა მუშაობს, რომელიც სამუშაოების შედეგად გაჩენილი ორმოების ამოვსების ვალდებულებას არ ასრულებს. 

“კომპანიის მიერ ვალდებულებების არ შესრულების გამო, სამი ძროხა ჩავარდა ორმოში. ორი დაიხრჩო, ხოლო მესამის გადარჩენა მოხერხდა. ზარალის ანაზღაურების თაობაზე არავინ დამკავშირებია”, – ამბობს ოთარ მატკავა.

შემთხვევა 24 მარტს მოხდა, ადგილზე მივიდა კასპის პოლიციაც. როგორც ცნობილია, იმ ტერიტორიაზე, სადაც ხრეშის მოპოვება მიმდინარეობს, რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა და ორმოების ღიად დატოვება მხოლოდ პირუტყვს კი არა, მოსახლეობასაც უქმნის საფრთხეს.

დატოვეთ კომენტარი