სტატიები

სოფელი, სადაც ტრანსპორტი გაურკვეველი გრაფიკით დადის

ავტორი: თამთა შავაძე

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ წითელუბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაურკვეველი გრაფიკით დადის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, არის დღეები, როცა სოფელში ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს.

„ტრანსპორტი ზამთარში საერთოდ არ დადის. გაზაფხულიდან – კვირაში ორჯერ, ხარ ორკვირაში ერთხელ დადის. მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაცვლად, სოფელი იმ ორი ადგილობრივის იმედად ვართ, ვისაც მიკროავტობუსი ჰყავთ“, – გვიყვებიან ადგილობრივები.

მათგან ვიგებთ, რომ თანასოფლელების ტრანსპორტირებას მიკროაბტობუსის მქონე ორი ადგილობრივი მძღოლი ითავსებს.

“გაჩერებები კი დაგვიდგეს, მაგრამ ტრანსპორტი ისევ არ დადის. მეზობლებს ვთხოვ ხოლმე ჩემთვის საჭირო ნივთების ყიდვას. იმათაც რამდენჯერ დავსაქმებ, უხერხულია. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ვართ, ასე როგორ შეიძლება, ხომ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?!“, – ამბობს ლიდა დუდაევი.

მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემის შესახებ, უკვე წლებია, საუბრობენ, თუმცა ვითარება არ იცვლება.

„მგზავრები ცოტაა და ამის გამო მიკროავტობუსი ყოველდღე ვერ ივლისო, ასე გვეუბნებიან. არადა, მარტოხელა დედა ვარ, არ მაქვს საშუალება მყავდეს საკუთარი ტრანსპორტი, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და როცა წამლებისთვის ქალაქში მიწევს წასვლა, ტაქსი უნდა დავიქირაო, რისთვის ცალკე ხარჯის გაღება მიწევს“, – გვიყვება ხათუნა სამნიაშვილი.

ამ პრობლემის შესახებ „მოზაიკა“ მერის წარმომადგენელს ესაუბრა. როინ ადიკაშვილის თქმით, სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა გზავრების სიმცირის გამო ვერ გვარდება.

“სამშაბათი პარასკევი დადის მარშუტკა. სამი მგზავრიც რომ იყოს, მაინც წავა, მაგრამ თუ არავინაა, ტყულად ხომ არ ივლის?! საწვავის ხარჯსაც ვერ იღებენ მძღოლები“, ამბობს ადიკაშვილი

ადგილობრივები ამბობენ, რომ გრაფიკის მოწესრიგების შემთხვევაში, ხალხი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას დაიწყებენ და მგზავრთა რაოდენობაც გაიზრდება.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.