კასპში გიორგი ნიპარიშვილს ყველა იცნობს. საკუთარი სახლის ეზოში სახელოსნო აქვს მოწყობილი, რომელიც თავად ააშენა. 10 წელზე მეტია, გიორგი ქართულ – ხალხურ საკრავებს ამზადებს. 14 წლის ასაკში რამდენიმე ინსტრუმენტზე დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლა, ფოლკლორის სიყვარულმა კი საკრავების შეკეთება და დამზადება დააწყებინა.
“პირველად დავამზადე ფანდური, მაშინ 16 წლის ვიყავი. ვიწვალე, მაგრამ დიდი მოწონება დაიმსახურა სხვადასხვა მუსიკოს-შემსრულებლის მხრიდან. ახლაც შენახული მაქვს, ჩემს პირველ ნაბიჯებს მახსენებს ამ საქმეში”.
გიორგის სახელოსნოში უამრავ საინტერესო ნივთს ნახავთ – სხვადასხვა სახის ფანდური, ჩონგური, სალამური, დუდუკი, ჭიანური, დაირა, დოლი, ქართულ გარმონი, კონტრაბასი, რომლებიც ან საკუთარი ხელით შექმნა ან შესაკეთებლად აქვს მომზადებული.
“ძნელია ხის მორი დაამსგავსო რომელიმე საკრავს ისე, რომ მუსიკალური დანიშნულება არ დაკარგოს. ყველა ხეს აქვს რაღაც თავისებურება, რომელიც არც სადმე ისწავლება და არც გარეგნულად ჩანს. ეს უნდა შეისწავლოს ოსტატმა, სწორად უნდა შეირჩეს მასალა, რომელიც გარკვეულ პირობებშია გამომშრალი და დამუშავების შემდეგ აღარ განიცდის დეფორმაციას. შემდეგ ეტაპობრივად დამუშავდება და გაივლის ყველა პროცესს, რასაც რომელიმე საკრავის დამზადება მოიცავს”.
გიორგი მთელ დღეს სახელოსნოში ატარებს. ეს სივრცე მან საკუთარი ხელით ააშენა და როგორც თავად ამბობს, ძალიან ეძვირფასება. ამ სივრცეში ნახავთ წლების განმავლობაში ნაგროვებ საჭირო ხელსაწყოებს და დანადგარებს.
“გააჩნია, რა დეტალს ვამზადებ, მიწევს მუდმივად სიარული სხვადასხვა დანადგარებთან. საკრავების მუსიკალურ მახასიათებლებსა და შესაძლებლობებს პირველად თავად ვამოწმებ. არ მაქვს მუსიკალური განათლება, თუმცა დამოუკიდებლად ვისწავლე ყველა საკრავის გამოყენება, დაკვრა და მუსიკალურად გამართვა”.
გიორგი სამომავლოდ უცხოური საკრავების დამზადებას გეგმავს, რომლისთვისაც ცალკე სახელოსნოს აშენება აქვს გადაწყვეტილი. ამბობს, რომ მზადაა მსურველებს საკუთარი ცოდნა გაუზიაროს.
“დაწყებული მაქვს ნარჩენი მასალის ხელახლა გადამუშავება და სხვადასხვა დანიშნულების ეკოლოგიურად სუფთა აქსესუარების დამზადება, რომელიც ასევე აქტუალურია და მოთხოვნადია ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე”.