„ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა ავადმყოფი ქმრის დახმარებაზე უარი მითხრა”, – ამის შესახებ, “მოზაიკას” სოფელ ძლევიჯვარში მცხოვრებმა თინა ქიტიაშვილმა უამბო.
“ავადმყოფი მეუღლე მყავს, ლოგინად ჩავარდნილი, დიაბეტით, ფილტვის ობსტრუქციული დაავადებით, გულთან სამი სტენტი აქვს ჩადგმულლი. სულ დასივდა და გადაადგილებაც აღარ შეუძლია”, – ამბობს თინა ქიტიაშვილი.
თინა ამბობს, რომ ზაზა გულიაშვილს პირადად მიმართა დახმარების თხოვნით, შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინებაც მისწერა, თუმცა ქარელის მერმა ქიტიაშვილის თხოვნას არ უპასუხა.
“ძალიან რომ დამძიმდა საავადმყოფოში დავაწვინეთ. რაც გვქონდა ოჯახში ყველაფერი დავყიდეთ, მეტი გამოსავალი რომ აღარ მქონდა. გულიაშვილს მივმართე დასახმარებლად, ავუხსენი ჩემი სიტუაცია, ვუთხარი, რომ ჟანგბადის აპარატის გარეშე მეუღლეს სახლში არ მატანენ მეთქი, გულიაშვილს პასუხიც არ გაუცია ჩემს თხოვნაზე”, – აცხადებს თინა ქიტიაშვილი.
თავად თინა, ფაქტს უკავშირებს იმას, რომ ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ 280 ლარი გადაურიცხა და შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა.
“გიორგი ვაშაძემ გადმომირიცხა 280ლარი, ეს ვიდეო ნახეს ალბათ და მაგიტომაც მეუბნებიან უარს.სოციალური დახმარებაც მომიხსნეს. მოვიდნენ, შეგვამოწმეს, სულ 3 ქათამი მყავს. მითხრეს, რომ ისეთი ვითარება გაქვს აუცილებლად დაგინიშნავენო, მაგრამ მომწერეს მაღალი ქულები მოგივიდა და სოციალურს ვერ მოგცემთო. ნაციონალების დროს მქონდა დახმარება, ვიღებდი სოციალურს, მოვიდა ეს მთავრობა და მომიხსნეს”, – გვიყვება თინა ქიტიაშვილი.
ავადმყოფი მეუღლის დახმარების მიზნით, თინამ ვაშლის ძმრის გაკეთება დაიწყო, სოფელ-სოფელ დაატარებს და მიღებული მცირე შემოსავლით, ცდილობს მეუღლეს საჭირო მედიკამენტები უყიდოს, თუმცა როგორც თავად ამბობს, რადგან ყველა წამალს ვერ აძლევს მეუღლეს, მისი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.