ავტორი: ნინო ნიპარიშვილი
იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომების იარა სულ ახალი ჰქონდა; იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ყველა სექტორი მოშლილი იყო და სკოლები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ, 1994 წელს მამამ, ბესიკ ნიპარიშვილმა გადაწვიტა ქალაქ კასპში დაეარსებინა კერძო სკოლა, სადაც ბავშვები შეძლებდნენ მიეღოთ კარგი განათლება. გამოწვევები დიდი იყო, თუმცა მამას დიდმა გამოცდილებამ განათლების სფეროში, ეს გამოწვევები დააძლევინა.
1994 წლის პირველ ოქტომბერს, გიმნაზიაში პირველი ზარი დაირეკა. ულამაზესი დღე იყო, იმედიანი და ხალისიანი. მამას ჩანაფიქრი ასეთი იყო – ჩვენს კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაებარებინათ გამოცდები. 3 წლის შემდეგ, ეს შედეგიც დაგვიდგა, ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, მხოლოდ გიმნაზიის ცოდნით, დამატებითი რეპეტიტორების გარეშე, წარმატებით შეაღეს სხვა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების კარი.
გიმნაზიის 28 წლიან ისტორიის მანძილზე, სკოლა საკუთარ მოსწავლეებთან და გუნდთან ერთად, უამრავ წარმატებას აღწევს. 2012 წლიდან კი, უკვე საკუთარი შენობაც გვაქვს – ყოფილი საბჭოთა მილიციის შენობა. ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან ეს შენობა თითქოს აუცილებლად ჩვენი უნდა გამხდარიყო. რატომ? ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ. იქამდე კი ვიტყვი, რომ მე ჩვენი გიმნაზიის მესამე გამოშვებას ვეკუთვნი. 2007 წლიდან დღემდე კი, მამაჩემის მიერ დაარსებულ გიმნაზიაში ვმუშაობ.
2007-2015 წლებში, ვასწავლიდი ფრანგულ ენასა და ლიტერატურას, 2015 წლიდან კი მთლიანად სამოქალაქო განათლების სწავლება შევითავსე და მალევე სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებელი გავხდი შიდა ქართლის რეგიონში.
2015 წლის გაზაფხულის მიწურული იყო, როდესაც დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, შსს-ს არქივის მეორე განყოფილების უფროსი ვანო ჯახუა. ნინო, შენი მოსწავლეები შენთან ერთად, ბევრ ძალიან კარგ პროექტს ახორციელებთ, თქვენი შენობის ნულ სართულზე კი საკმაოდ საინტერესო ფართია, სადაც შეგვიძლია საბჭოთა რეპრესირებულთა მუზეუმი მოვაწყოთო. იდეა მაშინვე მომეწონა. სექტემბერში “მეგობრობის ხიდი ქართლოსის” დახმარებით, პოლონეთში ვიმყოფებოდი სასწავლო ვიზიტით. იქ ვნახე, როგორ ისწავლება მოქალაქეობა – მოსწავლეები გაჰყვათ ისტორიული მნიშვნელობის ადგილებზე, იქვე უტარებენ გაკვეთილებს, ემოციებზე დაყრდნობით მიღებული ცოდნა კი მოსწავლეს არასოდეს დაავიწყდება.
პოლონეთშივე გადავწყვიტე, რომ მუზეუმის იდეა აუცილებლად უნდა განმეხორციელებინა. ჩამოვედი და საქმეს შევუდექით – 380 კვადრატული მეტრის ტერიტორია, 3 სამარტოვე საკნით, ძველი სატელეფონო აპარატებითა და უამრავი გამავალი ოთახებით, მთლიანად გასაწმენდი და მისახედი იყო. დავწერეთ საკლასო საგრანტო პროექტი ” წარსულის კვალდაკვალ …!”, რომელიც მუზეუმის სივრცის მოწყობასთან ერთად, სხვა და სხვა აქტივობებს, კონფერენციებს, კონკურსებსა და ფილმის მომზადებასაც მოიცავდა. მოვიგეთ 500 დოლარიანი გრანტი და ეს გახდა ამ მუზეუმის შექმნის დასაწყისი…
თანადამფინანსებლებიც მალევე გამოგვიჩდნენ, ჰაიდელბერგ ცენეტი და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. 2016 წლის 20 სექტემბერს გაიხსნა ჩვენი მუზეუმის პირველი საგამოფენო დარბაზი:
- სადაც საგამოფენო ბანერებზე განთავსებულია ინფორმაციები, 1924 წლის ტირიფონას ველზე დახვრეტილი ადამიანების, 1937 წლის სისხლიანი რეპრესიების, 1939 წელს კასპიდან გერმანელთა გადასახლებისა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ამბები;
- ბანერებზე გამოტანილია უნიკალური მასალა, რომელიც ჩვენი ქალაქის იმ ისტორიის ნაწილია, რომელზეც არასდროს ასე სიღრმისეულად არავინ საუბრობდა;
- ამ სივრცეშივეა ე.წ. შინსაღკომელის იმიტორებული კაბინეტი, წინასწარი დაკავების საკანი, 3 სამარტოვე საკანი ე.წ. “აძინოჩკა” კი ზუსტად ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც დაგვხვდა.
2017 წელს, “მეგობრობის ხიდი ქართლოსიმ” შიდა ქართლის ახალგაზრდებისათვის დაიწყო არაჩვეულებრივი პროექტი “არა ოკუპაციას!”, რომელსაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაგრძელება, “ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლში” მოჰყვა და მის ფარგლებში, ჩვენს მუზეუმს შეემატა კიდევ ერთი საგამოფენო სივრცე, სადაც ვყვებით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მთელ 200 წლიან ისტორიას, გეორგიევსკის ტრაქტატიდან 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით.
მუზეუმს აქვს არა კომერციული, არამედ საგანმანათლებლო მისია. ჩემი პოლონური გამოცდილება კი ზუსტად აქ დავნერგე.. თემატურად ვატარებთ ინტეგრირებულ გაკვეთილებს ჩვენს სამუზეუმო სივრცეში. ამ კედლებში მიღებული ცოდნა კი მოსწავლეს არასოდეს დაავიწყდება.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიზანია ბავშვს მისცეს ფორმალური და არაფორმალური განათლება, განუვითაროს უნარები, ჩამოუყალიბოს სწორი ღირებულებები და ხედვები, მოამზადოს ის დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სწორი არჩევანისათვის … სწორი არჩევანის გაკეთებას კი შეძლებენ მხოლოდ რეალური ისტორიების ცოდნით და არა – მითებით.