კასპის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს კუჭის რეზექციის და გასტრექტომიის ოპერაციას უფინანსებს. უწყების ცნობით, მერია ბენეფიციარებს ოპერაციის ღირებულების 70%-ს დაუფინანსებს.
“თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად, საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი თანხის 70% თანადაფინანსებით, არაუმეტეს 3 000 ლარისა”, – განმარტავენ კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობის მსურველმა ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია.
“დაფინანსების მისაღებად აუცილებელია რამდენიმე დოკუმენტის წარმოდგენა: განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან. ასევე, უარი ან დაფინანსების ფურცელი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში”, – აცხადებენ მერიაში.
ინფორმაციისთვის, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე. მერიის განმარტებით, დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.