“ამ სველ ქვიშას მივცემ სახლის ფორმას. შემდეგ თხელი ცემენტით დავფარავ. ცემენტი გაშრობას რომ დაიწყებს, გავიმეორებ კიდევ ერთხელ და სიმაგრისთვის მავთულს გამოვიყენებ”, – გვიხნის ხათუნა და თან საკუთარი ხელით გაკეთებულ დეკორატიულ სახლს გვაჩვენებს.
ხათუნა ფაფელაშვილი ქარელში ცხოვრობს და უკვე ერთი წელია, ეზოს დეკორაციებს აკეთებს. ამ საქმეში იმდენად დახელოვნდა, რომ ხელის მარტივი მოძრაობით ქმნის სოკოებს, გოგრებს ჭიამაიებს თუ ქოთნებს.
“აი, ნახეთ, ძირითადად კენჭებს, ქვებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს ვიყენებ”.
ხათუნამ პირველი ნივთი, დეკორატიული სანათი პოლიეთილენის ბოთლისგან გააკეთა.
“ყველაფერი დამოუკიდებლად ვისწავლე. ინტერნეტში ხშირად ვადევნებდი ხოლმე თვალს მსგავს ვიდეოებს და ძალიან მემარტივებოდა. ვიცოდი, რომ მეც გამომივიდოდა. ამ განწყობით დავიწყე დეკორატიული სანათის გაკეთება, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა და სიმბოლურ ფასად გავყიდე კიდეც”.
ხათუნა ახალ-ახალი იდეების განხორციელებას ზაფხულში აპირებს, რადგან წელიწადის ამ დროს, დეკორაციებზე მუშაობისთვის შედარებით მეტი დრო აქვს.
“ზაფხულში დღე დიდია, თბილა და მეც შემიძლია საათობით ვიმუშაო. დამზადებული ნივთების დანახვა, როგორც პატარა ბავშვს, ისე მიხარია, ყველა მათგანი მიყვარს. დასრულებულ დეკორაციას დედას ვაჩვენებ ხოლმე, ისაა ჩემი გულშემატკივარი”.
საკუთარი ნივთების მიმართ გამორჩეული სიყვარული საუბარშიც ეტყობა.
“აი, შედეხედ, ამ ტყის სახლზე რამდენიმე დღე – ღამე ვმუშაობდი”, – ამბობს და ნივთს გვაჩვენებს რომელიც სხვადასხვა ფერის საღებავებით არის შეღებილი, – “პატარა ფუნჯით მცირე დეტალებიღა ჭირდება და მზდაა”.
ხათუნა დეკორაციებს იმ იმედით ქმნის, რომ ერთ დღეს საკუთარი სახელოსწოს მოწყობას შეძლებს.
“მე ამ საქმეში შემოქმედებითად ვიხარჯები. პროფესიით ფერმწერი ვარ და ხატვა, ხელოვნება ჩემთვის უბრალოდ საქმე არაა. მუშაობა არ მეზარება, მთავარია შეკვეთები მქონდეს. ოცნებაც მაქვს, მინდა სახელოსნოს მოწყობა შევძლო, სადაც სხვებსაც ვასწავლი იმ ყველაფერს, რაც ვიცი”.