გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში სადაო მიწის ნაკვეთზე მოსახლოებამ კარვები გაშალა.
პროტესტი გასხვისებული მიწების დაბრუნების მოთხოვნით გრძელდება. ზეღდულეთელები ამბობენ, რომ კარვებს არ აშლიან და მეპატრონეს მიწის დამუშავების უფლებას არ მისცემენ.
“გავშალეთ კარვები, აქ ვაპირებთ დარჩენას, რადგან ხელი შევუშალოთ მიწის დამუშავებს. ერთადერთი საძოვარი იყო ეს სოფლისთვის და არ დავთმობთ”, -ამბობენ ადგილობრივები.
მერის წარმომადგენელი ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, დავით ცერცვაძე ამბობს, რომ კარავი ადგილობრივებმა გუშინ გაშალეს, რადგან ეგონათ, რომ მეპატრონე ნაკვეთში სამუშაოების დაწყებას აპირებდა.
” გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეპატრონე აპირებდა ნაკვეთში თაგვის წამლის შეტანას, მღრნელებისგან დასაცავად, ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ ამის უფლება არ მიეცათ და დადგეს კარავი. მეპატრონე არ გამოჩენილა ტერიტორიაზე, თუმცა მოსახლოება კვლავ მორიგეობს ადგილზე”, – გვითხრა ცერცვაძემ.
ზეღდულეთში სადაო მიწის ნაკვეთზე პროტესტი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირებაც მიწის მეპატრონესა და მოსახლოებას შორის. ბოლო შემთხვევის დროს, ადგილობრივებმა მიწის დასამუშავებლად მისული ტექნიკა უკან გააბრუნეს.
ინფორმაციისთვის, ზეღდულეთში 75 ჰექტარი მიწა წლების წინ, წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა. მეპატრონემ მოსახლოებას შესთვაზა, რომ მიწის გარკვეულ ნაწილს დაუთმობდა, თუმცა ამაზე ადგილობრივები არ დათანხმდნენ.