გორის N1 საჯარო სკოლა, რომელიც წითელი აგურით არის აშენებული, ცემენტით გადალესეს. აღნიშნულ ფაქტს გორში მოქალაქეების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.
ჟურნალისტი ნინო დალაქიშვილი სოციალურ ქსელში გადალესილი სკოლის ფოტოებს აქვეყნებს და ფაქტს ვანდალიზმს უწოდებს.
“სკოლა არის 65 წლის წინ, კომუნისტების დროს აშენებული, წითელი აგურით მოპირკეთებული. ახლა, ამ ვანდალებმა გადალესეს ცემენტით. ამას ვერ ახსნის ვერანაირი არგუმენტი იმის შესახებ, რომ ან აგური ცვიოდა, ან რამე, ამ ტიპის “მიზეზ(ებ)ი”. აგური თუ ცვივა, უნდა მიამაგრო და გაამაგრო. შენობა არის კაპიტალური და თუ პრობლემა ჰქონდა ფასადის დეტალებს, ეს უნდა გაეკეთებინათ აკურატულად და პასუხისმგებლიანად და არა ასე ვანდალურად – ვითომ “საქმეში” რომ ითვლიან თან”, – ამბობს ნინო დალაქიშვილი.
“მოზაიკა” გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ნანა ტერმაკოზაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ შენობა არ ატარებს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს.
“კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გორის პირველ საჯარო სკოლას არ აქვს. რაც შეეხება მის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ჩემთვისაც და სკოლის დირექტორისთვისაც უცნობი იყო პროექტი, რადგან დამკვეთი არ არის სკოლა. ამ ეტაპზე სამუშაოები დროებით შეჩერებულია, – განმარტავს ტერმაკოზაშვილი.
ინფორმაციისთვის, გორის N1 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. სკოლაში წელს პირველად საგამოცდო ცენტრი მოეწყობა.