ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უკვე 6 თვეა გორის მუნიციპალიტეტის მერია. ის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატად მმართველმა პარტიამ წარადგინა.
მერად არჩევის შემდეგ, ხინჩეგაშვილი არაერთხელ გახდა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის ობიექტი. ოპოზიციის შეფასებით, გორის მერი იშვიათად ჩნდება საზოგადეობაში და არც პოლიტიკური მოვლენების შეფასებებით გამოირჩევა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მისი მხრიდან განცხადებები არ გავრცელებულა. ოპოზიცია ამბობს, რომ ხინჩეგაშვილი არც კანონით დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს, ამის მაგალითად კი საკრებულოს სხდომაზე, ბიუჯეტის განხილვის პროცესზე მისი არ დასწრება მოჰყავთ.
ბექა ქორჩილავა, ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე
” გორის მერი თავისი ძველი საქმიანობით არის დაკავებული, რეალურად მაშინ როდესაც ასობით პრობლემა არის მოსაგვარებელი, არც კი იცნობს ამ პრობლემებს. მას, როგორც მერს, ჰქონდა ვალდებულება დასწრებოდა ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს, მაგრამ დაიმალა. ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რამდენი ხანია ვითხოვთ, რომ მოვიდეს საკრებულოში და გვიპასუხოს იმ კითხვებზე, რაც დგას ჩვენს მუნიციპალიტეტში. უკვე თვეებია მუნიციპალიტეტს მართავს, ამ დროის განმავლობაში ყველაფერზე უნდა ჰქონდეს პასუხი. რაც მერის თანამდებობაზეა გახმაურებული და მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა მერიას დაქვემდებარებულ სამსახურებში და ამ ყველაფერზე ღიად მისი პოზიცია არ მოგვისმენია”.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ფიქრობენ რომ გორის მერს პოლიტიკური შეფასებების გაკეთების ვალდებულება არ აქვს, თუმცა თუკი მისთვის, როგორც მერისთვის იმიჯი მნიშვნელოვანია, მის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებზე, ღიად უნდა აფიქსირებდეს პოზიციას.
მიშა ჩიტაძე, გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი
“ზოგადად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი არ არის ვალდებული პოლიტიკური განცხადებები აკეთოს, ვინც აკეთებს, ზოგჯერ სჯობს იმანაც არ გააკეთოს, თუმცა როცა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი რამ ხდება და მით უფრო ეს მის სამსახურს დაქვემდებარებულ უწყებას ეხება, ამ შემთხვევაში მერი ვალდებულიც არის, რომ განცხადება გააკეთოს. ეს არის სისტემური პრობლემა, თუკი სისტემა შეიცვლება, არც ეს პრობლემა იარსებებს”.
რაც შეეხება ბიუჯეტის განხილვის პროცესზე მის არ დასწრებას, დარგის სპეციალისტები განმარტავენ, რომ კანონი ამას არ ავალდებულებს, თუმცა სასურველია, რომ მერი ასეთი მნიშნველოვანი საკითხების განხილვაში მონაწილეობდეს.
ქეთი ბებიაშვილი, საია-ს გორის ოფისის ხელმძღვანელი
“თვითმმართველობის კანონში წერია, რომ ბიუჯეტი უნდა წარადგინოს მერმა, თუმცა ამის გაკეთება შეუძლია მის სხვა წარმომადგენელსაც, მაგალითად მერიის ფინანსური სამსახურს. კარგია რომ ესწრებოდეს მერი, თუმცა კანონით ამის პირდაპირი ვალდებულება არ აქვს. სასურველია მერი მნიშნელოვანი საკითხების განხილვის დროს დაესწროს საკრებულოს სხდომას, რადგან მოისმინოს საკრებულოს აზრიც, რომელიც წარმომადგენლობითი ორგანოა”.
ინფორმაციისთვის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიმართ პრეტენზიები აქვთ მედიის წარმომადგენლებსაც. გორში მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, რომ გორის მერი მათთან არ კონტაქტობს და ამის გამო, ხშირად საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებაში ხელი ეშლებათ.