სტატიები

“მერმა ვერ დაძლია ჟურნალისტებთან საუბრის კომპლექსი” – ხინჩეგაშვილი და მედია

“მერმა ვერ დაძლია ჟურნალისტებთან საუბრის კომპლექსი”, – გორში მომუშავე რეპორტიორები ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობენ. მათი თქმით, ხინჩეგაშვილი არც ადგილობრივი და არც ცენტრალური მედიის კითხვებს არ პასუხობს.

ჟურნალისტების თქმით, გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მედიასაშუალებებს პოლიტიკური ნიშნით არჩევს.

გიორგი ახალკაცი, ჟურნალისტი

მოქმედი მერი ეწევა კარჩაკეტილ საქმიანობას და ამაში ხელს უწყობს მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მერი, მაღალი თანამდებობის პირი არ პასუხობს, როგორც ადგილობრივ მედიასაშუალებებს, ისე ცენტრალური მედიის წარმომადგენლებს. ძირითად შემთხვევაში, ისინი ჟურნალისტებს პოლიტიკური ნიშნით აანსხვავებენ. როგორც ჩანს, მერმა ვერ დაძლია ჟურნალისტებთან საუბრის კომპლექსი და ცდილობს აარიდოს თავი კრიტიკულ კითხვებს. ბუნებრივია კითხვები ბევრია, მაგრამ პასუხები არ გვაქვს.

გორის მერთან, რომ სატელეფონო კავშირიც შეუძლებელია, ამას მახო მიქელაძე ადასტურებს. მისი თქმით, ჟურნალისტები არიან ინფორმაციულ ვაკუუმში და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი ეშლებათ.

მახო მიქელაძე, ჟურნალისტი

საერთოდ არ პასუხობს გორის მოჭიდავე მერი ჩვენს კითხვებს, უფრო მეტიც, რომ გვხედავს უკანმოუხედავად გარბის, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. არაერთი მცდელობა გვქონია პრესსამსახურთან, მაგრამ ეს სამსახური ყველაფერს აკეთებს იმის გარდა, რაც მას ევალება. ჩემი ინფორმაციით, პიარი არც კი აწვდის ინფორმაციას, თუმცა არც მერი იწუხებს დიდად თავს. ეს ჟურნალისტებს ხელს გვიშლის მუშაობაში, რომ მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ სხვადახვა საკითხებზე.

ნიკა გაბლიშვილი ერთ- ერთია, რომელმაც მერისგან კითხვებზე პასუხების მიღება სხვადასხვა გზებით სცადა. “მოზაიკასთან” საუბარში ბოლო ფაქტს იხსენებს, როდესაც მისმა მედიასაშუალებამ ხინჩეგაშვილს ინტერვიუს კითხვები წინასწარ გაუგზავნა, ნიკა ამბობს, რომ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ პასუხები მაინც ვერ მიიღო.

ნიკა გაბლიშვილი, ჟურნალისტი

ხინჩეგაშვილთან კომუნიკაციის მცდელობა ხშირად უშედეგოდ სრულდება, რადგან მერია ცდილობს ახალი ველოსიპედი გამოიგონოს და დაამკვიდროს კითხვების შეთანხმების პრაქტიკა, რაც ვფიქრობ, არც ერთი მედიასაშუალებისთვის მისაღები არ არის. ხანდახან გამონაკლისის დაშვება გვიწევს, რადგან ჩვენ წინ ვაყენებთ მაყურებლის ინტერესს. დავწერეთ და გავაგზავნეთ კითხვები, სამი საათის შემდეგ ისევ გვეუბნებიან, რომ პასუხები არ აქვთ. აი, ასე “ვურთიერთობთ” გორის მერთან.

“მოზაიკა” გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა და აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სთხოვა, თუმცა პრესამსახურმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

Like

Comment

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.