გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ბიუჯეტის გაფლანგვასთან დაკავშირებით ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო. შესაძლებელია თუ არა მსგავს საქმეებში მხოლოდ ერთი პირის დანაშაულებრივი ქმედება იკვეთებოდეს და რატომ დარჩა აღნიშნული ფაქტი შიდა აუდიტის ინტერესის მიღმა – ეს ის ძირითადი კითხვებია, რომელსაც საზოგადოება სვამს.
კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი ლექსო ვალიაური უკანონო გადარიცხვაში მხოლოდ ერთი პირის მონაწილეობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ბიუჯეტის ხარჯვას სხვადასხვა სამსახურები აკონტროლებენ და ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ეს მხედველობიდან გამორჩათ, დაუჯერებელია.
“ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას რომ ქვეყანაში მოქმედ სხვა სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფ ორგანიზაციებში იგივე არ ხდება. ერთის მხრივ ამ დანაშაულით ვხედავთ თაღლითობას, სამსახურეობრივ გულგრილობას, არაკომპეტენტურობას, არაპროფესიონალიზმს, ხოლო მეორეს მხრივ ჩნდება განცდა რომ არსებობენ გავლენიანი ჯგუფები რომლებიც მსგავს დანაშაულს მფარველობენ”, – ამბობს ვალიაური.
საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან ანი ბალიაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა გამოავლინოს ყველა ის პირი, ვინც ფინანსისტთან იყო გარიგებაში.
“ჩემი ინფორმაციით ამ კრიმინალურ სქემაში იყო თავმოყრილი ჩინოვნიკების ჯგუფი, რომლებიც პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ ბიუჯეტის ფულს, ძარცვავდნენ. შემდეგ ამ სააგენტომ მოითხოვა ბიუჯეტის გაზრდა, იმიტომ რომ აღარ ჰყოფნიდათ თავიანთი ვალდებულებების გასასტუმრებლად. შესაბამისად გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველა მაკონტროლებელი რგოლით, აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს იმ პირთა სია, რომლებიც ჩართულები იყვნენ ბიუჯეტის დატაცებაში”, – განაცხადა ბალიაშვილმა.
პარტია “საქართველოსთვის” წევრი მამუკა ფანიაშვილი, აღნიშნულ საქმეზე მერიის შიდა აუდიტის პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბუღალტერი სააგენტოს ხელმძღვანელების გარეშე ვერ იმოქმედებდა.
“ბუღალტერი მგონია, რომ არის “განტევების ვაცი”. თუ იქ კორუფციული სქემა მოქმედებდა ბუნებრივია სააგენტოს ხელმძღვანელების გარეშე ვერ მოხდებოდა. მე მაქვს კითხვები, ის რაც აღმოაჩინა სახელმწიფო აუდიტმა, რატომ არ აღმოაჩინა მერიის შიდა აუდიტმა?! გამოდის რომ ამ სამსახურს ან ტყუილად ვუხდი ფულს, ან აღმოაჩინა და არ თქვა. ორივე შემთხვევა არის ძალიან ცუდი. მე იმედი მაქვს რომ არა მხოლოდ ფინანსური მენეჯერი, არამედ ყველა ის პირი დაისჯება ვინც ამ სქემის თანამონაწილეა”, – ამბობს ფანიაშვილი.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მითვისების მუხლით მიმდინარეობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შესაძლოა თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს. დაკავებული ამ დრომდე არავინაა. სუს-მა სააგენტოს მთავარი ბუღალტერი და ყოფილი ხელმძღვანელი დაკითხა.
.