სტატიები

გადარიცხვებზე წვდომა დირექტორს და ბუღალტერს ჰქონდა – ინტერვიუ კაპანაძის ყოფილ მოადგილესთან

გადარიცხვების ელექტრონულ სისტემაზე წვდომა მხოლოდ ბუღალტერს და დირექტორს ჰქონდა, – ამის შესახებ “მოზაიკასთან” გორის კულტურის სააგენტოს დირექტორის ყოფილმა მოადგილემ  ისაუბრა.

რა ფორმით იყო თავად ჩართული ფინანსურ საკითხებში, ვის და როგორ შეეძლო გადარიცხვების კონტროლი – ამ და სხვა საკითხებზე “მოზაიკამ” ინტერვიუ გიორგი ქვათაძესთან ჩაწერა.


სააგენტოში აცხადებენ, რომ ფინანსური საკითხები თქვენი საკოორდინაციო და საკურიერო სფერო იყო. პირველ რიგში, რომ გვითხრათ, როგორ გაიხსენებდით საქმიან ურთიერთობას სააგენტოს ბუღალტერთან?

-ძალიან კარგად გავიხსენებდი, ჩემი შეხედულებით, ძალიან პატიოსანი და კარგი ადამიანი იყო. ეს ამბავი იყო ნამდვილი სიურპრიზი. რაც შეეხება დანარჩენს, ეს არის სუფთა ელექტრონული მიმართულება, რაზე წვდომაც მე არ მქონია. ბიუჯეტის ელექტრონულ სისტემაზე წვდომა აქვს მხოლოდ დირექტორს და ბუღალტერს.

ანუ ბუღალტრის გარდა, ფინანსურ ოპერაციებზე წვდომა ჰქონდა სააგენტოს ყოფილ დირექტორს, გელა კაპანაძეს?

რა თქმა უნდა. ჩემი სფერო იყო ფინანსური მიმართულება, რაც ბიუჯეტის დაგეგმვას გულისხმობს, მაგრამ გადარიცხვების შემოწმებაზე წვდომა მე არ მქონია. მე ის მიკვირს ხაზინამ როგორ დაუშვა, რადგან ხაზინას ათმაგი კონტროლი აქვს და როგორ აუარეს ამ კონტროლს გვერდი, გაუგებარია და ვერ წარმომიდგენია. ჩვენ რომ პატარა, ელემენტარული შეცდომა გვქონდა, ვერ ვრიცხავდით თანხებს. თუ რამე გამოგვეპარებოდა, საბუთებს თუ ვერ მივუთითებდით, ვერ ვრიცხავდით ვერაფერს. ეს როგორ მოხდა, ვერ გეტყვით, კარგი სპეციალისტი სჭირდებოდა ამ საქმეს.

როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის გაკეთებას მხოლოდ ბუღალტერი დამოუკიდებლად შეძლებდა?

კი, ეყოფოდა კვალიფიკაცია იმიტომ, რომ საკმაოდ გამოცდილი და კარგი ბუღალტერია.

ამბობთ, რომ გადარიცხვების კონტროლი შეეძლო დირექტორს, თუმცა თქვენ შეგეძლოთ შესრულებული ფინანსური ოპერაციების კონტროლი, რადგან შესაბამისი დოკუმენტაცია თქვენ გბარდებოდათ. არასოდეს არაფერი საეჭვო არ შეგინიშნავთ?


მბარდებოდა გადარიცხვების რეესტრი და რა თქმა უნდა, ვამოწმებდი და ერთმანეთს ემთხვეოდა ყველაფერი, რამე უჩვეულო არ შემიმჩნევია.

თქვენი ძველი პოზიციის გათვალისწინებით, ელოდებით თუ არა დაკითხვაზე დაბარებას?

არ ვიცი, ვერ გეტყვით ვერაფერს.

როგორც ამბობთ, მთლიანობაში რთულ და ჭკვიანურად შესრულებულ საქმესთან გვაქვს საქმე, რადგან ამ დროის განმავლობაში, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა შეუმჩნეველი იყო. როგორ ფიქრობთ, მთელ ამბავზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

ეს ამბავი არის მხოლოდ ბუღალტრის პასუხისმგებლობა, რადგან ყველაფერს ბუღალტერი აწესრიგებდა, რა უნდა გვენახა და რა არ უნდა გვენახა. მაგას დანარჩენი თანამშრომლები ვერ შევამოწმებდით.

და ბოლოს გკითხავთ თავად სუს-ის გააქტიურებაზე – ბოლო პერიოდში უწყების მხრიდან ჯერ ბიტკოინების ამბავი გახმაურდა, შემდეგ კი საბიუჯეტო თანხების უკანონო გადარიცხვის ამბავი. სუს-ის ამგვარ ინტერესებს მაინცდამაინაც აღნიშნული ა(ა)იპ-ის მიმართ რამეს ხომ არ უკავშირებთ?


არ ვიცი, რაიმე დასკვნის გამოტანის საფუძველი მე არ მაქვს და რაც შეეხება მაინერების საქმეს, ყველაფერი ისე არ არის, როგორც გაშუქდა.


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური გორის მერიის მიერ დაფუძნებულ ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში გამოძიებას ორ საქმეზე აწარმოებას – საბიუჯეტო თანხების გაფლაგვასა და სახელმწიფოს ხარჯზე მაინერების მუშაობაზე. სწორედ ამ უკანასკნელი ამბს გახმაურების შემდეგ, გიორგი ქვათაძე კულტურის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში აღარ მუშაობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.