ადამიანები ისტორიები

ბაღჩაში დარგული იებიდან ყვავილების სათბურამდე – ნათია ირემაძის ისტორია

მედდამ, რომელიც დაოჯახების შემდეგ, სოფელ გარეჯვარში გადავიდა საცხოვრებლად, ახალი საქმე იპოვნა – ჯერ ბაღი მოასუფთავა და ყვავილები მოამრავლა, მოგვიანებით კი, სათბურიც მოაწყო.

ნათია ირემაძეს ამჟამად ყვავილების სათბური აქვს, სადაც სხვადასხვა ჯიშის მცენარეს აფესვიანებს. სათბურამდე ის სახლის წინ მდებარე ბაღჩას უვლიდა. მოვლის პროცესში, იქ ყვავილების დარგვის იდეა გაუჩნდა და მისი ახალი საქმის ისტორიაც აქედან დაიწყო.

“ბავშვობიდან ყვავილების ინტერესი მქონდა მაგრამ მხოლოდ მოყვარული ვიყავი. რომ დავოჯახდი, პატარა ბაღჩა გვქონდა, სადაც არაფერი იყო, მხოლოდ ბალახი. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ შემომეღობა და გამელამაზებინა. პირველად ოთახის იები გავამრავლე, მეზობელს ჰქონდა და ძალიან მომწონდა. ისე გამრავლდნენ ჩემი მცენარეები, რომ ადგილი აღარ მქონდა, გადავწყვიტე გამეყიდა და დავდე სოციალურ ქსელში. იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ საქართველოს მასშტაბით ვაგზავნიდი შეკვეთებს”, – გვიყვება ნათია.



ნათია იხსენებს, როგორ წევრიანდებოდა სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში, რათა სხვების გამოცდილება და რეკომენდაციები საკუთარ საქმეში გამოეცადა. ასე, ეტაპობრივად შეიძინა ახალი ცოდნა და საბოლოოდ, სათბურის მოწყობაც დაგეგმა.

“ვიდრე სათბურს გავაკეთებდი სახლში მქონდა უამრავი ყვავილი. შემდეგ გამიჩნდა ეს იდეა. ახლა, ჩემისათბური არის 200 კვადრატი, სადაც მაქვს ვარდები და ოთახის ყვავილები. თითქმის მთელ დღეს მცენარეებს ვუთმობ, მათთან ურთიერთობა ანტიდეპრესანტია ჩემთვის”.



ნათია ახლა უკვე თავადაც უზიარებს სხვებს თავის გამოცდილებას – აძლევს რჩევებს და მცენარეების სწორად მოვლაში ეხმარება.

“მცენარეებთან ურთიერთობა მარტივი არ არის. მიწევს დაავადებებთან ბრძოლა, ადვილად ავადდებიან, ამიტომ დიდი ყურადღება და მოვლა სჭირდება. მე ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ვუზიარებ ხოლმე რეკომენდაციებს. მაგალითად, ყველას ვასწავლი, როგორ უნდა მოარონ ახლად შეძენილ ყვავილს – ის ტორფშია ჩარგული, ნიადაგი ერთ- ორ კვირაში იფიტება და მცენარე ხმება. ვეუბნები, რომ უნდა გადარგონ, მიწა შეუცვალონ, რათა მცენარემ აღიდგინოს ნივთიერებები, რაც მას სიცოცხლისთვის სჭირდება”.

ნათია ირემაძეს სათბურში ერთი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. სამომავლო გეგმების განხორციელების შემთხვევაში, ფიქრობს რომ საკუთარ მეურნეობაში სხვა ადამიანების დასაქმებასაც შეძლებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.