სტატიები

რა ზიანი მიადგა გორს მერიის და რუსეთის მოქალაქის თანამშრომლობით – ჟურნალისტური გამოძიება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა ახლა დასრულებული უნდა იყოს. ამის პირობა ადგილობრივებს გორის მერიამ მისცა, თუმცა პირობის შესასრულებლად თანამშრომლობა იმ ბიზნესმენთან დაიწყო, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და რომლის კომპანიებსაც არაერთი მომჩივანი ჰყავდა. ბაღის დროულად არ აშენების გარდა, ხარჯებიდან ჩანს, რომ რუსეთის კომპანიასთან თანამშრომლობამ გორის ბიუჯეტიც აზარალა.


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2022 წლის იანვრის თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ, რომელმაც მერიის ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულების ვადები რამდენჯერმე დაარღვია, რის გამოც უწყება იძულებული გახდა, ხელშეკრულება შეეწყვიტა და ახალი ტენდერის გამოცხადებაზე ეზრუნა.

გორის მერიამ საქაშეთში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ტენდერი 2021 წლის 14 აპრილს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომპანიამ, მერიამ კი, მაინც და მაინც ის კომპანია შეარჩია გამარჯვებულად, რომლის მფლობელიც 2017 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა თაღლითობის ბრალდებით.

ვინ არის მალხაზ ლომსაძე და რა კავშირები აქვს რუსეთთან?

საქაშეთში საბავშვო ბაღის აშენება შპს “წყალმომარაგება 2020”-მა დაიწყო. სწორედ აღნიშნული კომპანიის მფლობელია მალხაზ ლომსაძე, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს – ის არის, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მოქალაქეც. მის სახელზე რეგისტრირებულია რამდენიმე კომპანია. მათ შორის არის შპს “ნიკა”, შპს “მარია”, შპს “თბილისი და გროსინვესტ კაპიტალი”.

ლომსაძის მფლობელობაში იყო ასევე კომპანია “ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში”, რომელიც 2016 წელსაა რეგისტრირებული, სათაო ოფისი კი რუსეთში მდებარეობს. აღნიშნული კომპანია ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეებში.

რა წარსული ჰქონდა ლომსაძეს, როცა მის კომპანიას გორის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა?

კომპანია “ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში” თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერის გამარჯვებული იყო. 2017 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ მალხაზ ლომსაძე თიანეთის მერიის თანამშრომლებთან ერთად, უკანონოდ და თაღლითური გზით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტს.

“თიანეთის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მიუხედავად იმისა, რომ შპს-ებმა, „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ და „რაზა“, სრულად არ შეასრულეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, ხელი მოაწერეს საბოლოოდ შესრულებული სამუშაოების აქტებს, რითაც დაადასტურეს, თითქოსდა სამუშაოები სრულყოფილად იყო შესრულებული და კომპანიებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად ჩაურიცხეს”, – განმარტავდა გამოძიება 2017 წელს.

მთლიანობაში, ლომსაძესთან გორის მერიის მიერ ხელშეკრულების გაფორმებამდე, ცნობილი იყო, რომ:

  1. 2017 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შპს-ს „ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ დირექტორი მალხაზ ლომსაძე და შპს „რაზას“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, წინასწარი შეთანხმებით, თაღლითურად დაეუფლნენ.
  2. 2018 წელს ლომსაძის კომპანიას ტენდერში დისკვალიფიკაცია მიანიჭა თბილისის მერიამ.
  3. 2019 წელს ლომსაძის კომპანია ფიგურირებს ზესტაფონის მერიის ტენდერშიც. მაშინ ზესტაფონის მერიას “ნიკარემსტროის” მიერ დაგებული ფილების აყრა მოუწია, რადგან კომპანიამ სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა.

“სამშენებლო სამუშაოებს შპს “ნიკარემსტროი” ახორციელდებდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიამ ფილები შესაბამისი სტანდარტების დაცვით არ დააგო და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ჩაეტია, მიმდინარე წლის 25 აპრილს მას ხელშეკრულება შეუწყდა”, – განმარტავდა ზესტაფონის მერია 2019 წელს.

რა მოხდა გორის მერიასა და მალხაზ ლომსაძის კომპანიას შორის?

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერში გამარჯვებულად მალხაზ ლომსაძის კომპანია გამოაცხადა. მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ღირებულება 677 930 ლარი იყო. ლომსაძის კომპანიას სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის იანვარში უნდა დაესრულებინა, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში ჩანს, რომ შპს “წყალმომარაგება 2020”-მა სამუშაოები 2021 წლის ნოემბრის შემდეგ მიატოვა.

გორის მერიამ რამდენჯერმე მიმართა ოფიციალური წერილით იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია ხელშეკრულების ვადებს არღვევდა.

“წერილებით არაერთხელ გეცნობათ, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა შეფერხებით და ჩამორჩებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს. თქვენს მიერ არ მომხდრა სამუშაოების დადგენილ დროში განხორციელება. შესაბამისად დარღვეული იქნა ხელშეკრულებაზე დართული გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული როგორც შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის კალენდარული გრაფიკი ასევე ასათვისებელი საორიენტაციო თანხის კალენდარული გრაფიკი”, – ეს არის ნაწყვეტი იმ ოფიციალური დოკუმენტიდან, რომელიც მერიამ “წყალმომარაგება 2020”-ს გაუგზავნა.



საბოლოოდ, გორის მერიამ შპს წყალმომარაგება 2020-თან ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა. აღნიშნული კომპანია მერიის მოთხოვნით, შესყიდვების კომპანიამ შავ სიაში შეიყვანა. ანალოგიური მოხდა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიც. აღნიშნულ კომპანიას თეთრიწყაროში კორპუსის რეაბილიტაცია და გადახურვის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ხელშეკრულების პირობები ამ შემთხევაშიც დაარღვია და თეთრიწყარომ გორის მერიის მსგავსად, მიმართა შესყიდვების სააგენტოს კომპანიის შავ სიაში შეყვანის მოთხოვნით.

როდის განახლდება საქაშეთის საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები და რა თანხა დაიხარჯება გორის ბიუჯეტიდან?

გორის მერიის განმარტებით, წყალმომარაგება 2020-ს მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო, მუნიციპალიტეტს ფინანსურად არ უზარალია, რადგან წინასწარ მხოლოდ მთლიანი თანხის ნაწილი იყო გადარიცხული.

“ფინანსურად გორის მერიას არ უზარალია, რადგან ნაწილი იყო გადარიცხული და იმ თანხის შესაბამისი სამუშაოები უკვე შეასრულა აღნიშნულმა კომპანიამ”, – განმარტავს გორის მერია.

როგორც ცნობილია, გორის მერიამ ავანსის სახით კომპანიას 55 000 ლარი 2021 წლის 28 ივნისს გადაურიცხა. შემდეგი გადარიცხვა 19 აგვისტოს ფიქსირდება – 86 299 ლარის ოდენობით.

უწყებაში განმარტავენ, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობის დასასრულებლად ახალი ტენდერის გამოცხადებაა საჭირო. მერიამ საქაშეთის სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობისთვის თანხები გაზარდა.

ჯამში კომპანია “წყალმომარაგება 2020”-მა გორის მერიისგან 141 299 ლარი მიიღო. ჯამში, ხელშეკრულების ღირებულება 677 930 ლარს შეადგენდა. გამოდის, რომ კომპანიას 536 631 ლარი ღირებულების სამუშაოები დარჩა შესასრულებელი, თუმცა მერია საბავშვო ბაღის მშენებლობის დასასრულებლად 662 745 ლარს ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.