სტატიები

უკრაინის ელჩის გაწვევა “ოცნების” პასუხისმგებლობაა – გორის ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს

“საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა”, – გორის ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს. 

პარტიის “საქართველოსთვის” წევრი და საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა ფანიაშვილი ფიქრობს, რომ ელჩის გაწვევის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა “ქართულმა ოცნებამ”.

“ფაქტია ის, რომ ელჩის გაწვევის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ოცნებამ, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უკრაინის ხელისუფლებასთან პირდაპირი თუ ირიბი კონფრონტაციითაა დაკავებული, როგორც ცენტრალურ ისე რეგიონალურ დონეზე, ამისი დადასტურებაა თამაზ შიოშვილის კომენტარიც. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ უზრუნველყოს უკრაინის ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების დარეგულირება” , – აცხადებს მამუკა ფანიაშვილი.

​”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ ელჩის გაწვევა საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო პოლიტიკის შედეგია.

“ეს არის ბოლო შანსი მმართველი პარტიისთვის, რომ მოეგოს გონს და შეცვალოს რიტორიკა უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხარე შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. სამწუხაროდ, მმართველი პარტიის რიტორიკა არის მუდმივად ის, რომ ომი არ სურთ. ამით ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან განწყობა, რომ რუსული საქმის კეთებით, ინარჩუნებენ მშვიდობას” , – ამბობს ქორჩილავა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი გაიწვია მაროკოდან. თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ განაცხადა რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მეექვსე დღეს (1 მარტს), მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.