31 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდა.
1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე.
“საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“, – წერია საქართველოს კონსტიტუციის I მუხლში.
აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა ოსური სოფლების მოსახლოებამაც მიიღო. სწორედ ამ პერიოდს იხსენებს მეჯვრისხევში მცხოვრები ზურაბ გიგოლაშვილი, რომელმაც თანასოფლელებთან ერთად საინიციატივო ჯგუფი შექმნა მეჯუდის ხეობაში საყოფელთაო რეფერენდუმის ჩატარების უზრუნველსაყოფად.
“მეჯვრისხევში მე და ჩემმა სამმა მეგობარმა, ლერი მეზვრიშვილმა, კაკო მუმლაძემ და ავთო მოსიძემ შევქმენით საინიციატივო ჯგუფი მეჯუდის ხეობაში საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარების უზრუნველსაყოფად. საინიციატივო ჯგუფში გაერთიანდნენ ღრომისა და ბიყარის სასოფლო საბჭოების და კოლმეურნეობათა თავმჯდომარეები, ჩვენი მეჯვრისხეველი ახალგაზრდა აქტივისტები. მდივნის ფუნქციები შეითავსა მეჯვრისხევის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა. ოსური მოსახლეობის 89 % – მა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. 1991 წლის 2 აპრილს ეს შედეგები პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მაგიდაზე დავულაგე”, – ამბობს გიგოლაშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე ოფიციალურად 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა.